მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს
09:23, 23 May, 2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი „განათლების მსოფლიო ფორუმში“ იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტთან განათლების საკითხებში რიკ ჰერმანთან, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Microsoft-ის განათლების მიმართულების გენერალურ მენეჯერთან მარკ ისტთან და Microsoft-ის ციფრული ტრანსფორმაციისა და უნარების განვითარების დირექტორთან ალექსა ჯოისთან.

„მიხეილ ჩხენკელმა Microsoft-ის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლების სისტემისთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს სკოლებში Microsoft Education Edition-ის პროგრამის დანერგვის გაფართოების საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობებს და ამ კუთხით ელექტრონული სპორტის მიმართულების ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების ყველა საფეხურზე სწავლის პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, Microsoft-ის წარმომადგენლებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს მინისტრს და კვლავაც დაადასტურეს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა.

ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ სხვადასხვა ქვეყნის განათლების 112 მინისტრი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ განათლების სფეროში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. საქართველოს დელეგაციის ლონდონში ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა“,- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.