ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის პოზიცია გასაგებია, განვიხილავთ არგუმენტებს, მაგრამ ეჭვი მაქვს, არგუმენტები არ არის და შესაბამისად ვეტოს დაძლევა მოხდება
13:30, 23 Jun, 2022
ჩემთვის ვეტო ცოტა გაუგებარია, თან პრეზიდენტმა გუშინ ახსენა, რომ არა სამართლებრივი, არამედ ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებააო, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის განხილვისას, სამი მოსმენის დროს ოპოზიციას არც ერთი შენიშვნა არ ჰქონია.

„ამიტომ ვამბობ, ოპოზიციას ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებს, ან პარლამენტი რა კანონს და როგორ ღებულობს. დღეს გამოეღვიძათ?! თუ ახლა უნდათ ამას რაღაც პოლიტიკური სარჩული მისცენ. პრეზიდენტის ეს პოზიცია გასაგებია, ჩვენ ვიმსჯელებთ, რის საფუძველზე დაადო ვეტო, განვიხილავთ არგუმენტებს და ვეტოს საფუძველი რა არის, თუ არის გავიზიარებთ, მაგრამ ეჭვი მაქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად, ვეტოს დაძლევა მოხდება“, - განაცხადა ზარქუამ.

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის თქმით, ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ვეტოს დაადებს.