აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე 4 ივლისის დღესასწაულთან დაკავშირებული პიკნიკი მოეწყო
00:44, 03 Jul, 2022
ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ტრადიციული ამერიკული სტილის პიკნიკი მოეწყო, რომელზეც 2 000 ქართველ, ამერიკელ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლეს.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერის 246-ე წლის აღსანიშნავ პიკნიკზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობი, ბარბექიუ და ცოცხალი მუსიკა დახვდათ. ღონისძიების დასასრულს, საელჩოს თანამშრომლებმა აშშ-ის ჰიმნი შეასრულეს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის სავაჭრო პალატა ახალისებს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში.

„ამერიკის სავაჭრო პალატა მასპინძლობს 4 ივლისის მე-18 წვეულებას აქ, საელჩოში. წელს ასევე აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. ასე რომ, ეს გამორჩეული წვეულებაა. დაარსებიდან, ამერიკის სავაჭრო პალატა ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია აშშ-ს საელჩოსი, ახალისებს ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ, ქმნის სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის და ამერიკულ და ქართულ ბიზნესებს შორის კავშირებს აბამს. წევრები არიან მცირე, საშუალო და დიდი კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით, მხარს უჭერენ მეწარმეებს, ტურიზმს, ეძებენ გზებს საქართველოსა და აშშ-ს შორის ხიდების ასაგებად. ჩვენ ძალიან ამაყი ვართ ხანგრძლივი მეგობრობითა და პარტნიორობით ამერიკის სავაჭრო პალატასთან; პატივია ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად საელჩოში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი აღნიშნავს, რომ 4 ივლისი არ არის მხოლოდ ამერიკელი ხალხის დღესასწაული, არამედ არის მსოფლიოს ყველა მოქალაქის დღესასწაული, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ტრადიციულად აღნიშნავს ყოველთვის 4 ივლისის დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. გამონაკლისი გასაგები მიზეზების გამო გასული ორი წელი გახლდათ. ამერიკა თავისთავად უნიკალური ქვეყანა გახლავთ, რადგანაც ის, რაც მოხდა 4 ივლისს, განსხვავდება სხვა ქვეყნების სიტუაციისგან. ამერიკა, როგორც ქვეყანა, შეიქმნა არა გეოგრაფიული ან ტომების გაერთიანების პრინციპით, არამედ იდეის საფუძველზე. ის ხალხის მთავარი მამოძრავებელი, რომლებმაც გადალახეს ოკეანე და დააარსეს ქვეყანა ამერიკა, პირველ რიგში იყო თავისუფლება, თავისუფალი სული. მე მინდა, მივულოცო ამერიკელ ხალხს დღევანდელი დღესასწაული. მაგრამ ეს არ გახლავთ მხოლოდ ამერიკელი ხალხის დღესასწაული, ეს გახლავთ მსოფლიოს ყველა მოქალაქის დღესასწაული, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა“, - განაცხადა ირაკლი ბაიდაშვილმა.