ჩინეთმა ტაივანის გარშემო მორიგი წვრთნების შესახებ გამოაცხადა
22:09, 15 Aug, 2022
ჩინეთმა ტაივანის კუნძულის გარშემო მორიგი სამხედრო წვრთნების წამოწყების შესახებ გამოაცხადა. პეკინში მანევრების ჩატარების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები ჩავიდნენ. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად არ დაუსახელებია წვრთნების ჩატარების დრო და არეალი.

მანამდე ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „პეკინი გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, ხოლო ამერიკელ კონგრესმენებს „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპის დარღვევაში დასდეს ბრალი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია ტაივანს 14 აგვისტოს ეწვია, მას შემდეგ, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სტუმრობდა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტებს ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.