გოლი პლუს საგოლე გადაცემა - კვარაცხელიას შესანიშნავი დებიუტი იტალიაში [ვიდეო] #1TVSPORT
22:32, 15 Aug, 2022
სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ნაპოლის“„ვერონასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა.

მცველები მის მიმართ დიდი ყურადღებით თამაშობდნენ და პირველ წუთებში გაუჭირდა, მაგრამ მე-17 წუთზე პირველად მაინც მოახერხა თავის გამოჩენა. საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, მცველები ჩამოიტოვა და კარში დაარტყა - ბურთმა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. 24-ე და 26-ე წუთებზე კვარაცხელიამ კიდევ სცადა გატანა და მიზანს ამჯერადაც ააცილა.

„ნაპოლი“ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 29-ე წუთზე ანგარიში „ვერონამ“ გახსნა. კუთხურის გათამაშების შემდეგ „ნაპოლის“ კარი კევინ ლასანიამ აიღო. ნეაპოლელები მაშინვე შეტევაზე გადავიდნენ და კვარაცხელიამ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მაგრამ 37-ე წუთზე „ნაპოლიმ“ წონასწორობა მაინც აღადგინა - ეს ხვიჩამ შეძლო. ირვინ ლოზანოს ფლანგურ ჩაწოდებაზე ხვიჩამ კვარაცხელიამ მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით სერია „ა“-ში სადებიუტო მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.

Khvicha Kvarats𝗴𝗼𝗮𝗹ia ⚽️#VeronaNapoli #SerieA @en_sscnapoli pic.twitter.com/TpKUO0r9Fe


— Lega Serie A (@SerieA_EN) August 15, 2022



„ნაპოლი“ მალე დააწინაურდა. 45+3-ე წუთზე სტუმართა შეტევა ვიქტორ ოსიმენმა დაასრულა - 2:1. მაგრამ 48-ე წუთზე „ვერონამ“ ანგარიში ისევ გაათანაბრა. ფლანგური გადაცემა ტომას ანრიმ ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა 2:2.

55-ე წუთზე ხვიჩამ ისევ გაიბრწყინა, ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ ზელენსკი დატოვა და პოლონელმა ფეხბურთელმა „ვერონას“ კარი მესამედ აიღო - 3:2. ამის შემდეგ დაიწყო „ნაპოლის“ შოუ - 65-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა სტანისლავ სლობოდკამ გაზარდა 4:2, 79-ე წუთზე ოსინემის გადაცემით მატეო პოლიტანომ მეხუთე გაიტანა. მატჩი ასეც დასრულდა 5:2 „ნაპოლის“ სასარგებლოდ.

ხვიჩა კვარაცხელია 68-ე წუთზე შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი პირველივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო 5:2 და სერია „ა“-ს ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო.