ეზგიან ალიოსკი - საქართველოსთან წაგებამ ძალიან დაგვაზარალა, მაგრამ საქმე თბილისში უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT
22:24, 22 Sep, 2022
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მოთამაშე ეზგიან ალიოსკი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ბლაგიო მილევსკისთან ერთად გამოცხადდა „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერნციაზე, რომელიც 23 სექტემბერს, თბილისში, ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გასამართ შეხვედრას მიეძღვნა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ეს არის სტადიონი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. თუმცა, ეს არ არის წარსული, ეს არის აწმყო, ხვალ კი სრულიად ახალი მატჩი გველის. ჩვენ კი ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

შეიძლება, ამ სტადიონზე ატმოსფერო იყოს ჩვენთვის დადებითი ან უარყოფითი, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ჩვენი განწყობა უნდა იყოს. უნდა ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. სახლში საქართველოსთან წაგებამ ძალიან დაგვაზარალა, მაგრამ ჩვენ აქ საქმის გამოსასწორებლად ვართ.

ახლა მე ვარ ერთ-ერთი ვეტერანი და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მოტივირებული უნდა იყოს. თუ ნაკრებში სათამაშოდ მოტივაცია გჭირდებათ, მაშინ არაფერი მეთქმის“, - განაცხადა ეზგიან ალიოსკიმ ოფიციალური ვარჯიშის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს - საქართველოს რადიო (FM 102,3).