თეა წულუკიანი - მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიას დაველაპარაკო, როდესაც გამოფენაზე დაგსდევენ და გეუბნებიან, სააკაშვილს შია, რა გავაკეთო, ამ დროს ვიცით, რომ არ შია
22:23, 22 Sep, 2022
მე, როგორც ერთი მინისტრი, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიასაშუალებას დაველაპარაკო, რომელს, არა, - ასე უპასუხა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის მიერ დასმულ კითხვას.

სამნიძემ მინისტრს ჰკითხა: „მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც მედიების კლასიფიკაციას ახდენთ. თქვენი მოსაზრების შესაბამისად, მედიების ნაწილს არ აძლევთ ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად. ამას რამდენ ხანს აპირებთ, რა არის ამის საფუძველი“, რაზეც წულუკიანმა აღნიშნა, რომ გამოფენაზე როდესაც ეკითხებიან,  სააკაშვილს შია, მას აქვს უფლება, ამ თემაზე არ ისაუბროს.

„ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით, მე მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც დღე ერთია და არაერთ ინფორმაციას აწვდის სოციალური ქსელებით. ეს არის ჩვენი ოფიციალური ფეისბუქგვერდი. თუ ვებგვერდია საჭირო, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვექნება. თუმცა თანამედროვე სამყაროში, „ფეისბუქი“ არცთუ ისე ცუდია, ინტერაქციის, ბევრი რამის მოსმენისა და გაზიარების საშუალებას იძლევა, ჩვენს „ფეისბუქს“ თუ მოიწონებთ, იქ ნახავთ. ვებგვერდი აუცილებლად გვექნება, ეს არ არის მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი. სოციალურ ქსელებს ვანიჭებთ უპირატესობას, ინფორმაცია მიეწოდებათ. მე, როგორც მინისტრს და ინდივიდს, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუს, კომენტარს, და რომელს - არა. როდესაც ვხსნი გამოფენას და გამოფენის გახსნისას, გამოფენის დათვალიერება არის შეუძლებელი, რადგან ვსაუბრობ, მაგალითისთვის, ცნობილ მხატვარზე ან ექსპონატზე, კრაწაშვილის გამოფენაა, დაგსდევენ და გეუბნებიან, სააკაშვილს შია, რა გავაკეთო ახლა მე კრაწაშვილის გამოფენაზე, თუ ბატონ მიშას შია. ამ დროს ვიცით, რომ არ შია. შესაბამისად, მე მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ ვაპირებ, ამ თემაზე თქვენთან საუბარს. ეს ჩემი უფლებაა. კანონში არ წერია, რომ არ მაქვს ამის უფლება. მედია აქ არის და მინდა, ძალიან კარგად გაიგონ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიასაშუალებას დაველაპარაკო, როგორც ერთი მინისტრი და რომელს - არა. მაგრამ სამინისტრო, ვალდებულია, ინფორმაცია გაავრცელოს“, - განაცხადა წულუკიანმა.