ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომის დასრულებას პუტინის რეჟიმის დამხობასთან არ ვაკავშირებ, მისი რეჟიმი ნამდვილად დასრულდება, როდის, ამას რუსი ხალხი წყვეტს
00:35, 23 Sep, 2022
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის რეჟიმის დასასრულს უკრაინაში ომის დასრულებასთან არ აკავშირებს. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, დასრულდება თუ არა ომი მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი დაემხობა, უკრაინის პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო - „მე ამას ომის დასრულებასთან არ ვაკავშირებ. პუტინის რეჟიმი ნამდვილად დასრულდება. როდის? ამას ალბათ რუსი ხალხი წყვეტს. ჩვენ ამაზე არანირი გავლენა არ გვაქვს. მაგრამ ვინ მოვა მის ნაცვლად? საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსფიაშია. თუ ისინი არ შეცვლიან მათ დიქტატურას, სულერთია, ვინ იქნება იქ მის ნაცვლად, ახალგაზრდა, ხანდაზმული და ასე შემდეგ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჟურნალისტი ზელენსკის მოუყვა, გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუს შესახებ. მაშინ გამოცემის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჰკითხა, გაუხარდებოდა თუ არა პუტინის სიკვდილი, რაზეც ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ არავის უნდა უხაროდეს ადამიანის სიკვდილი. ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ამ მიდგომას.

„ამას არ ვეთანხმები. მე განსხვავებული აზრი მაქვს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და თითოეულ შეიარაღებულ რუსთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა. მაპატიეთ, მაგრამ მე მათ კარგს არაფერს და ხანგრძლივ სიცოცხლეს არ ვუსურვებ. აქ მე არ მჭირდება არანაირი დიპლომატიის მოხმობა. ვთვლი, რომ ყველა ადამიანი, დაწყებული პუტინიდან, დასრულებული მისი გარემოცვით, ყველა სამხედრო მოსამსახურის ჩათვლით, რომლებიც ჩვენს მიწაზე მოვიდნენ.... მე მათ ხანგრძლივ სიცოცხლეს ნამდვილად არ ვუსურვებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, აქვს თუ არა ზელენსკის პუტინთან დაკავშირებით საყვარელი ხუმრობა.

„თქვენ გაიცინებთ, რუსეთში კი იტირებენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ეს მიზანშეწონილია. ამას შავი იუმორი ჰქვია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.