კაშიამ გადამწყვეტი გოლით „სლოვანს“ მოაგებინა - ხოჭოლავამაც ბოლო წუთებზე გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
22:13, 02 Oct, 2022
ქართული სამეულის ბრატისლავისსლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „პოდბრეზოვა“ 3:1 დაამარცხა.

სლოვაკეთის ჩემპიონის სასტარტო შემადგენლობაში სამივე ქართველი იყო - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე. 88-ე წუთზე კაშია შეტევაში ჩაერთო და გოლი იმ დროს გაიტანა, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა - ამ დროს ანგარიში 1:1 იყო და ქართველმა მცველმა „სლოვანი“ კუთხურის გათამაშების შემდეგ ზუსტი თავური დარტყმით წინ გაიყვანა, მალე კი სტუმრების კარის ბადე მესამედაც შეარხიეს.

ქართველმა ლეგიონერებმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-8 ტურშიც ითამაშეს. „ტურანმა“ საკუთარ მოედანზე „ზირასთან“ მატჩი 1:3 წააგო. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ იმედა აშორტია იყო და შეუცვლელად ითამაშა. ფირუზ მარაქველიძე განაცხადში არ იყო.

ჩემპიონმა აგდამის „ყარაბაღმა“ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბაქოს „ნეფტჩი“ 3:1 დაამარცხა. მეკარე ლუკა გუგეშაშვილი აგდამელთა სათადარიგოებში დარჩა, ხოლო ბაქოელთა შორის 79-ე წუთზე საბა კვირკველია გამოჩნდა, ვატო არველაძე კი ტრავმირებულია.

დავით ვოლკოვმა 60 წუთი ითამაშა „საბახში“ „შამახთან“ გასვლით მატჩში, რომელიც ქართველი თავდამსხმელის გუნდმა 1:0 მოიგო. გიორგი ქანთარია და მათე კვირკვია იყვნენ „ქიაფაზის“ ძირითად შემადგენლობაში „სუმგაითთან“ გასვლაზე 0:0 დასრულებულ შეხვედრაში - მიხეილ ერგემლიძე 88-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

დანიის სუპერლიგაში საქართველოს ნაკრებში ორივე შეხვედრის ჩატარების შემდეგ დათა ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა „კოპენჰაგენში“, რომელმაც „ორჰუსი“ „პარკენ არენაზე“ 1:0 დაამარცხა.