ნიკოლოზ სამხარაძე - ყოველთვის ვეუბნები ნატო-ში პარტნიორებს, რომ რუსებზე ჭკვიანები უნდა ვიყოთ და მათ მიერ შექმნილი მანკიერი წრე უნდა გავარღვიოთ
15:40, 24 Nov, 2022
ყოველთვის ვეუბნები ნატო-ში პარტნიორებს, რომ რუსებზე ჭკვიანები უნდა ვიყოთ და რუსეთის მიერ შექმნილი ეს მანკიერი წრე უნდა გავარღვიოთ, რუსებს უნდა გავუსწროთ, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, რუსეთი არ გაჩერდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ Commonspace.eu-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთი ყოველთვის თავს ესხმის მეზობლებს, რომლებიც არ არიან უსაფრთხოების ალიანსის წევრები, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები საქართველო და უკრაინაა.

„სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ მძევლები ვართ რუსული პოლიტიკის, რომელიც მიმართულია ოკუპაციისკენ და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიისკენ, ისეთი ქვეყნების, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა. ნატო-ს პრობლემა არის ის, რომ რაც 14 წლის წინ მოხდა, არ მოგვარდა, ვფიქრობ, რუსული ფაქტორის გამო. მოკავშირეების უმეტესობას ეშინია რუსეთის რეაქციის საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე და ვფიქრობ, რომ რუსეთს რეალურად ვყავართ ყველანი მძევლად.

მე ყოველთვის ვეუბნები ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომ ჩვენ რუსებზე ჭკვიანები უნდა ვიყოთ და რუსეთის მიერ შექმნილი ეს მანკიერი წრე უნდა გავარღვიოთ. რუსებს უნდა გავუსწროთ, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, რუსეთი არ გაჩერდება. უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთი ყოველთვის თავს ესხმის თავის მეზობლებს, რომლებიც არ არიან უსაფრთხოების ალიანსის წევრები, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები საქართველო და უკრაინაა.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ ტრაექტორიას, ვფიქრობ, ეჭვგარეშეა საქართველოს ნატო-სთან თავსებადობა, როდესაც საქმე ეხება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტი ნატო-ს სარდლობის სხვადასხვა მისიებში მსახურობდა, ეს ფაქტია. ჩვენი თხოვნა ნატო-სადმი ყოველთვის არის ის, რომ გაწევრიანებისკენ მკაფიო გზა მოგვცეს და ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ, თუ არის რაიმე, რაც უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, გთხოვთ, შეგვატყობინოთ. 14 წლის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას დარწმუნება სჭირდება და ეს დარწმუნება მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამას ქმედებებიც უნდა ამყარებდეს, რომლებიც აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ინტერვიუში ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროპულ მომავალზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, კიდევ რა შეუძლია, გააკეთოს ევროკავშირმა საქართველოს მხარდასაჭერად, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საქართველო ბევრს მუშაობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„უპირველეს ყოვლისა, ისტორიულად მიმაჩნია ივნისის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, თუმცა ცოტა იმედგაცრუებული ვიყავით, რომ არ მივიღეთ ისეთივე სტატუსი, როგორიც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა. პრინციპში, უკრაინასა და მოლდოვას ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით, რადგან მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი პირობებით, ჩვენ მივიღეთ პირობები სრული სტატუსისთვის და ეს პირობები ძირითადად იგივეა, რაც სხვებისთვის.

ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად და ჩვენი გრაფიკის შესაბამისად, მზად ვიქნებით, რომ ახალი წელი ამ რეკომენდაციების განხორციელებით დავიწყოთ. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს პოზიტიურ შეფასებას. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, სხვა ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ბოლო ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ამ 12 რეკომენდაციის განხორციელებით საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს მომავალ შემოდგომაზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება, დაჩრდილული იყოს ბრიუსელის, ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელში ძალიან დიდი ქონება აქვს და ეს არის ნდობა და ავტორიტეტი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის დედაქალაქებში.

„საქართველოს ერთნაირად პატივს სცემენ, ერთნაირად ენდობიან ერევანსა და ბაქოში, არც ერთი სხვა მოთამაშე ჩვენ ირგვლივ, არც ერთი დიდი რეგიონალური ძალა არ სარგებლობს იმავე ნდობითა და ავტორიტეტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვედით ინიციატივით „მშვიდობიანი კავკასია“ და ამ ინიციატივას მხარს უჭერს როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი. ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მაღალი დონის დელეგაციების პროდუქტიული ვიზიტები საქართველოში. მჯერა, არსებობს ადგილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, დავეხმარებით, ვიქნებით შუამავლები, რადგან საქართველოს ინტერესებშია, რომ საბოლოოდ დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ერევანში და ბაქოშიც იციან, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარდა, ჩვენ არ გვაქვს ფარული მიზნები. ჩვენ ძალიან აქტიურ როლს ვითამაშებთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ მეზობელს არ მოეწონოს ჩვენი აქტიურობა ამ მხრივ“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალი, რაზეც სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების მომავალი გაურკვეველია.

„პერსპექტივა არ ჩანს და მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ვიდრე ამ ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება, ვიდრე რუსული ჯარები არ იქნებიან გაყვანილები საქართველოს ტერიტორიიდან და ვიდრე რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება. სამწუხაროდ, როგორც ახლა ვხედავთ, რუსეთის აგრესიული პოზიცია მეზობლების მიმართ არ შეცვლილა. შესაბამისად, არ ველოდები, რომ რუსეთი შეცვლის ქცევას უახლოეს მომავალში და, შესაბამისად, ვერ ვხედავ რეალურ შანსებს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიით ყველამ გააცნობიერა, რომ შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის უსაფრთხოებაში და, ზოგადად, გლობალურ უსაფრთხოებაში.

„საქართველოს, როგორც ერთ-ერთ სანაპირო სახელმწიფოს, შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თუმცა მართლაც ძალიან უცნაურია, რომ ნატო-ს ჯერ კიდევ არ გააჩნდა შავი ზღვის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგია. ბოლო 30 წელია, ჩვენ ვეუბნებოდით დასავლელ პარტნიორებს, რომ რუსეთის აგრესიული ქცევა მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა. ისინი ამას სხვაგანაც გააგრძელებდნენ. სამწუხაროდ, მაშინ არავინ გვისმენდა ყურადღებით და ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. ახლა, როცა აქცენტი კეთდება ჩვენს რეგიონზე და შავ ზღვაზე, ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებით, განსაკუთრებით, რუმინეთში, ვფიქრობ, საქართველოსაც შეუძლია, ამაში წვლილი შეიტანოს და ასევე შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი“, - განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკრაინას დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, საქართველოს პასუხი რუსეთის მისამართით უკრაინამ შედარებით სუსტად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, გაიხსენებენ თუ არა უკრაინა და უკრაინელები საქართველოსა და ქართველების პასუხს გაჭირვების დროს, სამხარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს ემახსოვრება არა მხოლოდ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება, არამედ პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაც.

„ახლა საქართველოში 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს და თითქმის ყოველკვირეულად ვიღებთ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან დასასვენებლად და ქართველ ახალგაზრდებთან სოციალიზაციისთვის. რაც შეეხება უკრაინული პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ წევრებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით მათ შეფასებას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საქართველოს პასუხი ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ მხარს ვუჭერდით ან ვიყავით თანასპონსორები ყველა რეზოლუციის, გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ევროპის საბჭოში, ეუთოში, ყველა საერთაშორისო ფორუმში. იმ ქვეყნისთვის, რომელიც ასევე ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მსოფლიოში უკრაინის შემდეგ ყველაზე დაუცველია რუსეთის თავდასხმის მიმართ, ვფიქრობ, ის თავის წონაზე მაღლა დგას. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პარლამენტმა, უკრაინელმა დიპლომატებმა და მთლიანად უკრაინელმა ხალხმა იციან ამის შესახებ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ძლიერი დაბომბვის დროს არ მოახდინა საელჩოს ევაკუაცია კიევიდან, თუ სწორად მახსოვს, ვატიკანიც.

ამიტომ ჩვენ გვჯერა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის კავშირები და სოლიდარობა ძალიან ძლიერია. ცალკეული პოლიტიკოსების ზოგიერთი უმადური განცხადება ამ ურთიერთობებს არ დააზარალებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინტერვიუში ჟურნალისტმა ნიკოლოზ სამხარაძეს ქართული სპორტის მომავალზეც ჰკითხა.

კითხვაზე, - 19 ნოემბერს საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა უელსის რაგბის ნაკრებთან კარდიფში, როგორ ფიქრობთ, როგორ შეცვლის ეს შედეგი სამომავლოდ ქართულ რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის მომავალს? - ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება არის დიდი სტიმული ქართული რაგბისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველომ გასვლით მატჩში პირველად დაამარცხა პირველი დონის მორაგბეთა ნაკრები. წელს ჩვენ ასევე დავამარცხეთ პირველი რიგის რაგბის ნაკრები სახლში, ამიტომ 2022 წელი ქართული რაგბისთვის ფანტასტიკური იქნება, რადგან ჩვენმა გუნდმა იტალიასა და უელსს მოუგო. ეს იქნება დიდი სტიმული ქართული რაგბისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რადგან ახალგაზრდა თაობას ახლა ნამდვილად შეუძლია, იოცნებოს ექვს ერში თამაშზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან. ასე რომ, ეს არის ქართული რაგბისა და, ზოგადად, ქართული სპორტის განსაკუთრებული გამარჯვება. ქართულ ფეხბურთშიც ძალიან კარგ განვითარებას ვხედავთ — გვყავს ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია — ძალიან კარგი განვითარება გვაქვს ქართულ კალათბურთში და, ვფიქრობ, ეს ქვეყნის საერთო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სამხარაძემ.