რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა
17:44, 24 Nov, 2022
რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა.

პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პროექტი საკრებულოში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კი ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

რუსთავის ბიუჯეტის პროექტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით არის წარმოდგენილი და გასულ წელთან შედარებით 6 მილიონით არის გაზრდილი.

რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს დეპუტატები, როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“, ისე პარტია „საქართველოდან“, ამბობენ, რომ ბიუჯეტში მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის, რის გამოც მას მხარი არ დაუჭირეს.

საგანგებო ბრიფინგი გამართა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერი აცხადებს, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა უღალატა ქალაქის მოსახლეობას. ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ და ამით საფრთხის ქვეშ დააყენეს ქალაქი.

ნინო ლაცაბიძის განმარტებით, აღმასრულებელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ქალაქს პრობლემები არ შეექმნას.