გიორგი ჭიაბრიშვილი - საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება, ქულა ურთულეს პირობებში ავიღეთ #1TVSPORT
00:27, 27 Nov, 2022
გიორგი ჭიაბრიშვილმა ეროვნულ ლიგაში „სამგურალთან“ წყალტუბოში ფრედ დასრულებული (1:1) ბოლო შეხვედრა შეაფასა.

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გუნდმა წყალტუბოში ურთულეს პირობებში ითამაშა — მთელი მატჩის განმავლობაში წვიმდა, მეორე ტაიმში კი მოედანი ისე დასველდა, ბურთის გათამაშება შეუძლებელი იყო.

„ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ — „სამგურალი“ ძლიერი მეტოქეა. განსაკუთრებით რთული იყო მის წინააღმდეგ ქულის აღება მათ მოედანზე და ამ პირობებში და ასეთ ამინდში. ასეთ დროს საბრძოლო ხასიათის გამოვლენა იყო საჭირო. ვაგებდით. ჩვენმა ფეხბურთელებმა ხასიათის ეს სიმტკიცე გამოავლინეს და ქულა აიღეს. ეს ქულა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩვენ ისევ საჩემპიონო ბრძოლაში ვართ, ბოლო ტური დარჩა და ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება შევძელით“, - განაცახდა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

„დინამო თბილისი“ (77) ბოლო ტურის წინ ბათუმის „დინამოს“ (76) მხოლოდ ქულით ასწრებს. ჭიაბრიშვილის გუნდი 36-ე ტურში 3 დეკემბერს „დინამო არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობას ორწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნებს.