პერესი და ლაპორტა ისევ მუშაობენ სუპერლიგის შექმნაზე - ტურნირი ღია იქნება 12 ქვეყნის კლუბებისთვის #1TVSPORT
22:28, 24 Jan, 2023
„რეალისა“ და „ბარსელონას“ პრეზიდენტები ევროპის სუპერლიგის შექმნაზე მუშაობენ.

გაზეთ „ეკიპის“ მონაცემებით, ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა კვლავაც მოწადინებულნი არიან ევროპის სუპერლიგის შექმნისკენ იმის მიუხედავად, რომ „იუვენტუსიდან“ წავიდა პრეზიდენტი ანდრეა ანიელი. პერესსა და ლაპორტას მხარს უჭერს კომპანია A22 Sports Management-ი, რომელიც სუპერლიგის პრომოუტერია.

ახლა სუპერლიგის იდეის ავტორები პროექტზე „კულისებს მიღმა“ მუშაობენ და ცდილობენ, თავიანთ მხარეს გადაიბირონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

იმის გათვალისწინებით, რომ სუპერლიგის ამუშავების პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, იდეის ავტორებს კონტაქტი ჰქონდათ 12 ქვეყნის 50 კლუბთან. მათ შორის, გუნდებთან ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, ბელგიიდან, დანიიდან და შოტლანდიიდან. ახლა სუპერლიგის შემქნელებს სურთ, ტურნირში მონაწილეობა არა მხოლოდ TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატების გუნდებმა მიიღონ, მათ სურთ, მოიზიდონ ე. წ. „საშუალო კლასის“ გუნდები, უმჯობესია ძლიერი ტრადიციებით. ასეთ კლუბებთან ტარდება კონსულტაციები ტურნირის ფორმატთან დაკავშირებით.

ტურნირის სტრუქტურის შესახებ გადაწყვეტილებას კოლეგიალურად მიიღებენ - სუპერლიგის შემქმნელები აღარ აიღებენ ამ საკითხს მხოლოდ საკუთარ თავზე. გარდა ამისა, სუპერლიგა აღარ იქნება დახურული ტურნირი მუდმივი წევრებით - ის სრულიად ღია გახდება და მასში ადგილის მოპოვება კონკურენციის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

სუპერლიგის შემქმნელთა მონაცემებით, ასეთი მიდგომა მოსწონთ იმ კლუბებს, რომლებთანაც კონსულტაციას გადიან.

გარდა ამისა, სუპერლიგის ახალ ვერსიაში სურთ, შემოიღონ „რეალური“ ფინანსური ფეარ პლეი, რათა თავიდან აიცილონ არასამართლიანი უპირატესობა უფრო მდიდარი კლუბებისთვის. მონაწილეებისთვის შემოიღებენ მკაცრ ფინანსურ მოთხოვნებს. მაგალითად, გუნდები ხელფასებზე ბიუჯეტის მხოლოდ 55 პროცენტს დახარჯავენ. იგეგმება, რომ სუპერლიგიდან გააძევებენ კლუბებს, რომლებიც არაპატიოსან ფინანსურ პოლიტიკას ეწევიან.