„შპიგელი“ - გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო
22:36, 24 Jan, 2023
გერმანული გამოცემის, „შპიგელის“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც გამოცემა წერს, ბერლინი ასევე მისცემს უფლებას სხვა მოკავშირეებს, მათ შორის, პოლონეთს, გერმანული ტანკები კიევს გადასცენ.

„შპიგელის“ ცნობით, საუბარია ბუნდესვერის საწყობებში განთავსებული „ლეოპარდ ა6“-ის ტიპის ტანკებზე.

ოლაფ შოლცის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ტანკ „აბრამსების“ გასაგზავნად სამზადისი ვაშინგტონშიც დასასრულს უახლოვდება.

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ უკრაინაში, სავარაუდოდ, „აბრამსის“ ტიპის 30 ტანკს გააგზავნის. რაც შეეხება გერმანიას, ბერლინი კიევს „ლეოპარდების“, სულ მცირე, ერთ ასეულს გადასცემს.

ამასთან, ეი-ბი-სის ცნობით, გასულ კვირას რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრის მონაწილე 12 ქვეყანა უკრაინას 100 ტანკს გაუგზავნის, როგორც კი ბერლინი „ლეოპარდების“ რეექსპორტის ნებართვას გასცემს.