ხატია დეკანოიძე - მხარი დავუჭირე რეზოლუციას და შესწორებას, რომელიც საქართველოდან ჩვენ შევიტანეთ, მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკითხის დაფიქსირება სამიტზე, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება
00:36, 25 Jan, 2023
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციას, ასევე შესწორებას, რომელიც საქართველოს დელეგაციამ შეიტანა.

„ჩემი მხარდაჭერა ჰქონდა მთლიანად ამ რეზოლუციას, ასევე იმ შესწორებას, რომელიც საქართველოდან ჩვენ შევიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპაციის საკითხი იყოს დაფიქსირებული სამიტზე, რომელიც გაიმართება რეიკიავიკში, რადგან საქართველოს სუვერენიტეტი კვლავ დარღვეულია რუსეთის მიერ. იმ შესწორებასაც მხარი დაუჭირა ასამბლეამ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, „ვაგნერის“ დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით რეზოლუციის დაინიცირებას აპირებენ.

„გარდა ამისა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა და მოთხოვნა შეეხება „ვაგნერის“ დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. ვაპირებთ, რომ რეზოლუცია დავაინიციროთ ამასთან დაკავშირებით. ამას აქვს მხარდაჭერა უკრაინული დელეგაციის მხრიდან, ასევე ჩვენი კოლეგებისგან და გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.