ვახტანგ ჭარაია - შუა დერეფანი გვაძლევს საშუალებას როგორც ეკონომიკურად მივიღოთ შემოსავალი, ასევე ჩვენი როლი დავანახოთ ევროპას, ვისთანაც უფრო ახლოს და აქტიურად გვინდა, ვითანამშრომლოთ
01:13, 25 Jan, 2023
შუა დერეფანი გვაძლევს საშუალებას როგორც ეკონომიკურად მივიღოთ შემოსავალი, ასევე ჩვენი როლი დავანახოთ ევროპას, ვისთანაც უფრო ახლოს და აქტიურად გვინდა, ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუმცა, ეს მარტო საქართველოს გასაკეთებელი არ არის. როგორც მინიმუმ, აზერბაიჯანთან ერთობლივი, ასე დავარქვათ, ტანდემის გარეშე შეუძლებელია, მარტო საქართველოზე გაიაროს შუა დერეფანმა, თუმცა მარტო საქართველო-აზერბაიჯანიც არ არის, თავის მხრივ, აზიურმა, კასპიის მეორე მხარეს მდებარე ქვეყნებმაც უნდა შეკრან გარკვეული ერთიანი სივრცე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მიმზიდველი იქნება სატრანზიტო ტვირთების გამტანი კომპანიებისთვის. აგრეთვე, ევროპის მხარესაც უნდა იყოს მიმღები და შემდგომში გამანაწილებელი პუნქტების მზაობა, რომ ეს ერთიანი ჯაჭვი აზიიდან ევროპის მიმართულებით, თუ პირიქით, მთლიანობაში შეიკრას“, - განაცხადა ჭარაიამ.

მისი თქმით, საქართველომ, თავისი სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე, შარშან მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო და შესაძლებელია ამ რიცხვების მნიშვნელოვანი ზრდა.

„ეს არის ის ფული, რომელსაც საქართველო იღებს უბრალოდ იმიტომ, რომ ტვირთებს ატარებს. ეს ძალიან დიდი თანხაა და შესაძლებელია ამ რიცხვების ერთბაშად გაორმაგება არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა“, - განაცხადა ჭარაიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი დღეს, რომ მოხდეს სატრანზიტო პოტენციალის წარმოებად გარდაქმნა და ვიქცეთ არა მხოლოდ დერეფნად, არამედ ეს პოტენციალი წარმოების განვითარებისთვის გამოვიყენოთ, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ დღეს საქართველო წარმოების პოტენციალით საკმაოდ სუსტია, მაგრამ წარმოების განვითარების პოტენციალი ნამდვილად არსებობს.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს დერეფანი გაზრდილი და გაძლიერებული ინფრასტრუქტურით არა მარტო სხვებს მოვახმაროთ ერთმანეთთან ვაჭრობისთვის, არამედ ჩვენ თვითონაც გამოვიყენოთ წარმოების განვითარებისთვის. სწორედ ეს უნდა იყოს ამის საბოლოო დანიშნულება“, - განაცხადა ჭარაიამ.

შეკითხვაზე, როგორ უნდა მიიღოს საქართველომ მეტი სარგებელი შუა დერეფნის პროექტიდან და როგორ უნდა მოახერხოს თავისი ინტერესის დაცვა იმ მოცემულობაში, როცა თურქეთს და აზერბაიჯანს უკვე აქვთ ამ პროცესიდან მწარმოებელ ქვეყნად ჩამოყალიბების ამბიცია, რაც ჩვენ რეგიონში პროექტიდან სარგებლის მიღებასთან დაკავშირებულ კონკურენციას ზრდის, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ წარმოების პოტენციალის გასაზრდელად საქართველომ დასავლეთთან, აშშ-თან და ევროკავშირთან არსებული მჭიდრო კავშირები მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს.

მისივე თქმით, შუა დერეფნის პროექტს დიდი გამოწვევები და წინაღობები აქვს.

„ერთი მხრივ, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამ ზურგის ქარი მოუხსნას შუა დერეფანს და ეს ქარი ჩრდილოეთით აიყვანოს, მაგრამ უკრაინის ეკონომიკის აღდგენას ტრილიონობით დოლარი და არა ოთხი და ხუთი წელი დასჭირდება. იმისთვის, რომ უკრაინა აღდგეს, მას უზარმაზარი ტვირთბრუნვა დასჭირდება და ამ ტვირთების ერთ-ერთი მომწოდებელი შეიძლება იყოს აზია, რომელიც საქართველოს გავლით შეიძლება, სპეციალიზდეს პირდაპირ უკრაინის მიმართულებით. იმიტომ, რომ რუსეთთან რაც არ უნდა ომი დამთავრდეს, ისინი მეორე დღეს ვერ ჩაეხუტებიან და მარტივი არ იქნება ურთიერთობა. ეს შუა დერეფანი უკრაინის ეკონომიკის ხელახალი აღორძინებისთვის იქნება ზედგამოჭრილი რესურსი და შეიძლება, ამან ჩვენ ომის დასრულების მერეც, წლების განმავლობაში შეგვინარჩუნოს ის სასათბურე პირობები, რომელიც შეიძლება, კარგი იყოს ამ დერეფნის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის და გაშლისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.