ჯანო ანანიძე - ხვიჩასთვის ინგლისში გადასვლა ჯერ ნაადრევია #1TVSPORT
01:42, 25 Jan, 2023
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ნაპოლის“ შემტევს ინგლისის პრემიერლიგის კლუბში იწვევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ქართველი გარემარბით „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. ანანიძის თქმით, კვარაცხელიამ გუნდის შეცვლა არ უნდა იჩქაროს.
„ვიცი, რომ მას ინგლისის ტოპკლუბები იწვევენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაპოლიში“ კიდევ ერთი წელი მაინც უნდა დარჩეს. მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, მომავალ სეზონში დაუმტკიცოს ყველას საკუთარი შესაძლებლობები და შემდეგ იფიქროს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში გადასვლაზე. მას ყველა მონაცემი აქვს, რომ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ეს ტიტული ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით კახა კალაძეს ეკუთვნის“, - განაცხადა ანანიძემ.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ 20 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ტრანსფერმარკტი“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

19 ტურის შემდეგ ნეაპოლელები დამაჯერებლად ლიდერობენ იტალიის სერია A-ს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებენ.