ქართული სარაგბო ლეგიონი - გიორგი ცუცქირიძის ლელო „ჩელენჯ კაპის“ გათამაშებაში და ქართველების ამბები ევროთასებზე [ვიდეო] #1TVSPORT
22:10, 24 Jan, 2023
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ჩემპიონთა თასისთვის, ექვსი კი „ჩელენჯ კაპისთვის“ განაგრძობს ბრძოლას. გასულ უქმეებზე საკლუბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. გიორგი ცუცქირიძემ „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში პირველი ლელო გაიტანა.




ჩემპიონთა თასი






ჩემპიონთა თასის პლეი ოფში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ინგლისური „გლოსტერი“ გავიდა. დასკვნით ტურში მან „ბორდო“ 26:17 დაამარცხა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი კვესელაძემ. მისმა გუნდმა ოთხიდან ორი თამაში მოიგო, 9 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილი დაიკავა. პლეი ოფში მისი მეტოქე „ლა როშელი“ იქნება. შეხვედრა საფრანგეთში გაიმართება.



„ჩელენჯ კაპზე“ განაგრძობს ბრძოლას „რასინგ 92“. დასკვნით ტურში პარიზელები ირლანდიაში „ლენსტერთან“ 10:36 დამარცხდნენ. „რასინგის“ შემადგენლობაში მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს  გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა.  პლეი ოფში „რასინგი“ სამხრეთაფრიკულ „ლაიონსს“ შეხვდება.

ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა „კასტრმა“ და გათამაშებას გამოეთიშა. ლევან ჩილაჩავას გუნდი ინგლისში „ექსეტერთან 3:40 დამარცხდა. ჩილაჩავა ძირითადში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

„კლერმონმა“ სამხრეთ აფრიკაში „შტორმერსთან“ 16:30 წააგო. სტუმართა შორის 51-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა. „კლერმონი“ „ჩელენჯ კაპზე“ გადაინაცვლებს და სტუმრად „ბრისტოლს“ შეხვდება




„ჩელენჯ კაპი“






„სტად ფრანსე“ იტალიაში „ბენეტონთან“ 32:35 დამარცხდა, თუმცა ბონუს (4 და მეტი ლელოს გატანისთვის) და ნუგეშის (მცირედი სხვაობით მარცხისთვის) ქულა აიღო, კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მე-4 ადგილი დაიკავა. იტალიელთა წინააღმდეგ გიორგი ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ლელოც გაიტანა, რითაც თავისიანები 25:22 დააწინაურა.

„სტად ფრანსეში“ გადასული ქართველი მესამეხაზელისთვის ეს პარიზულ კლუბში სადებიუტო ლელოა. „სტად ფრანსეს“ ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს სერგო აბრამიშვილი.



სამხრეთ აფრიკაში „ჩიტასთან“ 6:9 დამარცხდა და მე-7 ადგილს დასჯერდა „პო“, რომლის რიგებში 53-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

უქულოდ დარჩა „ბაიონი“, რომელმაც „სკარლეტსი“ მიიღო და 7:20 წააგო. რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა ბადრი ციხისთავი.

„ტულონმა“ 19 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. დასკვნით ტურში ფრანგებმა „ძებრეს“ 14:5 მოუგეს. ბექა გიგაშვილი მასპინძელთა ძირითადში იყო, ის 71-ე წუთზე დავით მჭედლიძემ შეცვალა.

„პერპინიანი“ დასკვნით ტურში ინგლისში წააგო „ბრისტოლთან“ 19:33. ვახტანგ ჯინჭარაძემ 55-ე წუთიდან ითამაშა.