შალვა პაპუაშვილი - პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ნორმაა, ჩვენ კი გვაქვს რადიკალიზაცია, რადიკალური ჯგუფები უნდა შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს
13:39, 08 Feb, 2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში რაც ხდება, არის არა პოლარიზაცია, რომელიც უკვე თანამედროვე პოლიტიკის ნორმაა, არამედ რადიკალიზაცია.

პაპუაშვილის თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ რადიკალური ჯგუფები შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს, მოხდეს რადიკალიზმის პრობლემის აღიარება და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავს არ მიიჩნევენ რადიკალურად, გაემიჯნონ რადიკალიზმს.

„სინამდვილეში, ეს არ არის პოლარიზაცია, რაც ჩვენ გვაქვს. პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის თითქმის ნორმაა. გავიხსენოთ ბოლო არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და მივხვდებით, რომ პოლარიზაცია უკვე შემადგენელი ნაწილია. ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის რადიკალიზაცია. პოლარიზაციის შემთხვევაში არსებობს ორი პოლუსი, შესაბამისად, დეპოლარიზაცია გულისხმობს მოლოდინს, რომ ეს ორი პოლუსი დაიძვრება ერთმანეთისკენ და სადღაც შუაში შეხვდებიან. თუმცა, თუკი სინამდვილეში ჩვენ გვაქვს რადიკალიზაცია, მაშინ შეუძლებელია, ეს მოლოდინი გვქონდეს. რადიკალიზაცია გულისხმობს, რომ არის ერთი ცენტრი, დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატია როგორც ასეთი, და არის ჯგუფი, რომელიც გასულია ამ ცენტრიდან, ორბიტიდან არის გარეთ, გასულია დემოკრატიული ჩარჩოდან. აქ თუ ჩვენ გვექნება მოლოდინი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა დაიძრან ჩარჩოს მიღმა მყოფი რადიკალური ჯგუფებისკენ, ეს არის დემოკრატიის დაზიანება. ამიტომაც ვთქვი, რომ ერთადერთი გამოსავალი დერადიკალიზაციის, თუკი ვთანხმდებით, რომ რადიკალიზაცია პრობლემაა, არის, რომ რადიკალური ჯგუფები შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს. მეორე არის აღიარება. პრობლემის აღიარება უკვე გადაწყვეტის ნახევარი გზაა.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ჯგუფმა, რომელიც თავს არ მიიჩნევს რადიკალურად, აღიაროს რადიკალიზმის პრობლემა, დაარქვას თავისი სახელი, დაარქვას რადიკალები იმ ჯგუფებს, ვინც არიან რადიკალები და შემდეგ, გარწმუნებთ, ეს გადაწყვეტა უკვე თავისით გამოჩნდება. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს მოლოდინი, რომ დემოკრატია უკან დაიხევს რადიკალიზმის მიმართ, პირიქით, რადიკალიზმმა უნდა დაიხიოს უკან. ვაკვირდები რა პროცესებს, თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე სულ უფრო მიმყარდება განცდაც და შეფასებაც, რომ ეს შეუძლებელია. არის თითქოს მცდელობა, რომ რადიკალიზაცია წარმოგვიდგინონ პოლარიზაციად, აიძულონ დემოკრატია, რომ უკან დაიხიოს რადიკალების წინაშე და დათმოს დემოკრატიული პრინციპები. ასე ვერ იქნება. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ რადიკალები უნდა შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს. დღესაც ვხედავთ ცარიელ სკამებს და პირად საუბრებში ყველა აღვნიშნავთ, რამდენად არარაციონალური, არალოგიკური, რამდენად კომფრონტაციულია ეს ნაბიჯი. დაარქვით ამას თავისი სახელი და, სახელის დარქმევასთან ერთად, გაემიჯნეთ ამას; გამიჯვნასთან ერთად, ნუ გახდით ამას სალონურად. სამწუხაროდ, რადიკალურ ჯგუფებს აქვთ გარკვეული გავლენები, სიძლიერე და მცირე ჯგუფებს აქვთ ხოლმე გარკვეული ცდუნება, რომ ყოველ ჯერზე დიდი ჯგუფის ფრთის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამიტომ გამიჯვნას ვხედავთ ხანდახან, ხდება ხოლმე შვებულების აღება კოალიციებიდან, შემდეგ ისევ უკან მიბრუნება. ამიტომ უნდა იყოს ხანგრძლივი უარის თქმა და გამიჯვნა რადიკალიზმისგან და გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში მეტად შესაძლებელი იქნება შეთანხმება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.