ირაკლი კობახიძე - ჩემ შესახებ პრეზიდენტის განცხადება იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, წელიწადში ერთხელ ეპატიოს, თავიდან ფეიკი მეგონა, მერე აღმოჩნდა, რომ ასე ხუმრობა მოუნდა, რა ვქნათ
14:30, 08 Feb, 2023
ჩემ შესახებ პრეზიდენტის განცხადება იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, წელიწადში ერთხელ ეპატიოს, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება თავდაპირველი ფეიკი ეგონა.

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო, ჩვენებს ვუთხარი, ალბათ, ფეიკი იქნება-თქო, მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა, რა ვქნათ“.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მეორე განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა, ერთი რამ ცხადია, ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა თემის გარშემო. საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს.

„ერთი ცუდი ის არის, რომ თავის დროზე მას ჰქონდა მკვეთრი განცხადება - „არა და არასოდეს“, გუშინ ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს სათანადო პოზიცია, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, - ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის საკითხი ქვეყანაზე აისახება ნეგატიურად, ამიტომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი, „ოცნებამ“ მოძებნოს სამართლებრივი და ჰუმანიტარული გზა, თავის მხრივ, სააკაშვილმა დანაშაული აღიაროს და გავიდეს პოლიტიკიდან. როგორ უნდა მოიხსნას სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან? - კობახიძემ აღნიშნა: „მე მგონია, ერთიც და მეორეც არის არარეალური“.

„მიხეილ სააკაშვილისგან დანაშაულების აღიარება ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამას ის არ გააკეთებს, ჩვენ ვიცით, მას აქვს კონკრეტული მიზნები. მისი მიზანია პოლიტიკაში დაბრუნება, აქედან გამომდინარე, ამას არასოდეს გააკეთებს. რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით, ეს არის აბსურდი ერთი მარტივი მიზეზის გამო, თუ ჩვენ მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებით ვიმოქმედებთ, ამ შემთხვევაში ცხრა ათასივე პატიმარი უნდა გამოვუშვათ გარეთ. ჰუმანიტარული არაფერ კავშირში არ არის კანონის აღსრულებასა და სასჯელის აღსრულებასთან. რა შუაშია აქ ჰუმანიტარული? ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ, ეს არის მოწოდება ოჯახის მიმართ, რომ სათანადო კალორიების მქონე საკვები შეიტანონ მიხეილ სააკაშვილთან“, - აღნიშნა კობახიძემ.