საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს აფრთხილებს, რუსეთიდან გადმორიცხული ფული ანაზღაურების სანაცვლოდ არ გაანაღდონ, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას
14:24, 08 Feb, 2023
საქართველოს საბანკო ასოციაცია რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობის თაობაზე მოქალაქეებს აფრთხილებს.

ასოციაცია საქართველოში ლიცენზირებული ბანკების სახელით აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და, შესაძლოა, კონკრეტული პირის ანგარიშის დახურვისა და სანქცირების საფუძველი გახდეს.

„ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მომსახურებით სარგებლობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება.

საქართველოს საბანკო ასოციაცია საქართველოში ლიცენზირებული კომერციულ ბანკების სახელით აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ასევე, კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების გათვალისწინებით, მომხმარებლის მსგავსი შინაარსის ქმედებები, შესაძლოა, მისი ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.

გარდა ზემოთქმულისა, ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალობას, რაც ზრდის შესაბამისი ფიზიკური პირის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოუწოდებს მოხმარებლებს, გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა და თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან“, - აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.