ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მანდატების დატოვება დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს „ნაცმოძრაობის“ ფრთას და უკან დაიხიეს
14:27, 08 Feb, 2023
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მანდატებს თუ დატოვებენ, ეს იქნება დამატებითი ფინანსური ტვირთი ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს დღეს „ნაცმოძრაობის“ შესაბამის ფრთას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკან დაიხია და მხოლოდ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან. ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს დასუსტების პროცესი მიმდინარეობს.

„რეალურად, მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ. მეორე, ეს არის ასევე ფინანსური შეღავათი კეზერაშვილისთვის. მათი ხელფასები, ბუნებრივია, ფინანსური შეღავათია კეზერაშვილისთვის. თუ მანდატებს დატოვებენ, ეს იქნება დამატებითი ფინანსური ტვირთი ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს დღეს „ნაცმოძრაობის“ შესაბამის ფრთას. აქედან გამომდინარე, მათ უკან დაიხიეს. თავიდან თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, შემდეგ თქვეს, რომ მანდატებს არ ტოვებდნენ და მხოლოდ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან. ჩვენთვის არც ასე, არც ისე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა რეჟიმში იქნება „ნაცმოძრაობა“. მთავარია, რომ ისინი არიან დასუსტების რეჟიმში. ეს არის მთავარი რეჟიმი, რაც ახასიათებს დღეს „ნაცმოძრაობას“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი თავმჯდომარეა ხაბეიშვილი. ძალიან კარგი პროცესია, რაც წარიმართება ამ პოლიტიკურ პარტიაში. ეს არის დასუსტების პროცესი, რაც, მგონია, რომ იქნება შეუქცევადი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.