ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ, სურთ, საპარლამენტო საქმიანობას მოწყვიტონ ის დეპუტატებიც, რომლებიც საქმით არიან დაკავებულნი
14:31, 08 Feb, 2023
ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ბოიკოტით, ამავე პარტიის იმ დეპუტატებს, ვინც არაფერს აკეთებენ, სურთ, პარლამენტიდან გაიყოლონ და საპარლამენტო საქმიანობას მოწყვიტონ ის დეპუტატებიც, რომლებიც საქმით არიან დაკავებულნი.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, პარლამენტის წევრის კითხვების მექანიზმი საპარლამენტო ზედამხედველობის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

„ჩვენი საპარლამენტო ჯგუფის, „მოქალაქეების“ კითხვები ეხებოდა როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ, აგრეთვე გენდერულ, თავდაცვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ უსაქმურ დეპუტატებს უნდათ, გაიყვანონ პარლამენტიდან ის დეპუტატები, რომლებიც საქმით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.