შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის არჩევის საკითხს თუ ყველა საკუთარი პასუხისმგებლობით მიუდგება, მაშინ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას
15:10, 08 Feb, 2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეკითხვას უპასუხა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლო პარლამენტმა დეკემბერში სახალხო დამცველის არჩევა.

„მიზეზი, რატომაც ვერ შედგა სახალხო დამცველის არჩევა, ჩემი შეფასებით, არის სწორედ ის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს, ჩარჩოში მოექციათ თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატები. პირდაპირ დადგა ულტიმატუმი - ან ამ სამი კანდიდატიდან იქნება არჩეული, ან არ იქნება სხვა სახალხო დამცველი. ეს იყო, რის წინაშეც სცადეს, დაეყენებინათ პარლამენტი. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა ამ მხრივ ძლიერია, ვინაიდან ჩვენი ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს სიძლიერე გვაქვს. თუმცა, იმ საპარლამენტო პარტიებზე, რომელთაც აქვთ დაბალი ელექტორატული მხარდაჭერა, გავლენას ახდენს, როდესაც ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში აყენებენ. მეტსაც გეტყვით, მე სპეციალურად ვაკვირდებოდი კომიტეტების სხდომებს, სადაც სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, წესით, რომლის მთავარ ამოცანასაც წარმოადგენს საპარლამენტო პროცედურებზე დაკვირვება, მონიტორინგი და ამასთან დაკავშირებით ანგარიშების შედგენა, 19 კანდიდატის გასაუბრებებიდან მხოლოდ იმ სამი კანდიდატის გასაუბრებას დაესწრნენ, რომლებიც მათ წარმოადგინეს. სხვა კანდიდატებს, უბრალოდ, ფაქტობრივად, თავიანთი ქცევით და არდასწრებით ბოიკოტი გამოუცხადეს. ამით სიგნალი გაუგზავნეს ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა აქვს მხოლოდ ამ სამს, იქნება მხარდაჭერა სხვა კანდიდატების, თქვენ მოგეკერებათ სტიგმა, რომ თქვენ ხართ ალიანსში „ქართულ ოცნებასთან“.

მე საჯაროდაც მივმართე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აცადონ ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული საკუთარი უფლებამოსილება და ნუ შეეცდებიან არასათანადო ზეგავლენის მოხდენას თავისუფალი მანდატის მქონე პარლამენტის წევრებზე. გარწმუნებთ, იმ პირობებში, თუკი ყველა ამ საკითხს საკუთარი პასუხისმგებლობით მიუდგება, თავისუფალი მანდატის გააზრებით და არა გვერდზე ყურებით, რომ, აბა, რას იფიქრებს ესა თუ ის ორგანიზაცია და ასე შემდეგ, ყველა საკუთარ თავში და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ზუსტად პოლიტიკოსებმა ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოხდეს კომპრომისები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.