საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში გორის „დილამ“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.
დილა-შუქურა 2:0
გოლები: 1:0 გომისი (13. ზ. თევზაძის პასით). 2:0 გეილი (67. გომისის პასით).
გაძევება: ლ. კვარაცხელია (90, შუქურა).
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გორელებმა მატჩის დასაწყისშივე გახსნეს - სწრაფი, ეფექტური კომბინაცია მე-13 წუთზე ონორე გომისმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და „დილა“ წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში „შუქურა“ ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, მაგრამ მიზანს ისევ „დილამ“ მიაღწია, რომელიც მეტოქეზე ბევრად უკეთ შეთამაშებული ჩანდა. 67-ე წუთზე ანდრეი დემჩენკოს გუნდმა კიდევ ერთი სწრაფი შეტევა განავითარა და ონორე გომისის გადაცემით ტიერი გეილიმ ეფექტური გოლი გაიტანა - 2:0.
შეხვედრის ბოლოს „შუქურა“ 10 მოთამაშით დარჩა. მოედანზე 71- წუთზე შესულმა ლაშა კვარაცხელიამ ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მოედნის დატოვება მოუხდა.
„დილამ“ კი მატჩი დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა, სეზონში პირველად მოიგო და ხუთი ტურის შემდეგ 6 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „შუქურა“ (3) მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა.