საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა
16:40, 22 Mar, 2023
საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 2023 წლის 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა, მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ასევე, პროგრამაშია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.