ირაკლი ფავლენიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად მუშაობს ივანიშვილის სანქცირებაზე, სანქციები ისე ახლოსაა, როგორც არასდროს
17:03, 22 Mar, 2023
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არის დაძრული საკითხი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

მისივე თქმით, ივანიშვილი თუ რამემ შეიძლება იხსნას სანქცირების პროცესისგან, ეს არის 12 პუნქტის შესრულება და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს არაფორმალური მმართველის სანქცირებაზე. ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ ის ინფორმაცია, რაც გუშინ დასავლურ პრესაში გავრცელდა. კერძოდ, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, წამყვანი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე არის დაძრული საკითხი ივანიშვილის სანქცირებაზე. მათ შორის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსნა, რა არის ამის მიზეზი. მოლდოვასა და საქართველოში ყველა, ვინც საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, ყველა, ვინც არის ადგილობრივი დესტაბილიზაციის წყარო, იქნებიან საერთაშორისო სანქციების ლეგიტიმური სამიზნე ობიექტები. მინდა, კიდევ ერთხელ გავუმეორო რუსულ ოცნებას და რუს ოლიგარქს, თუ რა არის სანქცირების დაჩქარების მიზეზი. ევროპარლამენტის რეზოლუციაში კარგად ეწერა, რომ ივანიშვილი თუ გააგრძელებს პერსონალურ ვენდეტას ამ პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, და რაც უფრო ამძიმებს მის დანაშაულს, ჰააგის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც დადასტურდა, რომ საერთაშორისო ომის კრიმინალის ბრძანებით ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამება და არადამიანური მოპყრობა.

თუ რამემ შეიძლება იხსნას ივანიშვილი სანქცირების პროცესისგან, ეს არის 12 პუნქტის შესრულება და, პირველ რიგში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი, თუმცა, სამწუხაროდ, რუსი ოლიგარქი არ აპირებს, გონს მოეგოს. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მისი სანქცირების საკითხის დაყენება. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამისი მტკიცებულების მიწოდებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მათ შორის სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს კომუნიკაცია დგება უკვე არა, ვთქვათ, ევროპარლამენტის დონეზე, არამედ აღმასრულებელი ორგანოების და პოლიტიკური ლიდერების დონეზე. არც ივანიშვილს და არც მის გარემოცვას არავინ შეარჩენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ლიდერის წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ევროპული გზის საბოტაჟს. სანქციები ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. ეს ძალიან კარგად იცის რუსმა ოლიგარქმა და მისმა გარემოცვამ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.