კახა ბექაურმა მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა
17:22, 22 Mar, 2023
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტში კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა. მისი ინფორმაციით, გაერო-ს რეზოლუციის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული ჩაატარა.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის: საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით ორი კონფერენცია, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის 50 მასწავლებლისთვის ლექციები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი დეზინფორმაციის შესახებ, თბილისის 123-ე სკოლის მოსწავლეებისთვის დისკუსია მედიაწიგნიერების შესახებ, სასწავლო სემინარი „ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა“ სტუდენტებისთვის და „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ 100-მდე ბენეფიციარისთვის ლექციები ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ.

მედიაწიგნიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა, არის - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“, რომელიც დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურებოდა. პროექტი 2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით განახორციელა და 700-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა.

პროექტის ფარგლებში პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. გადამზადებული მასწავლებლები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს უზიარებენ.

კახა ბექაურმა პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის - Mediatsigniereba.ge-ს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ერთგვარი ჰაბია, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის აერთიანებს რესურსებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შექმნა მიზნად მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციის ერთიან ონლაინ სივრცეში თავმოყრასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს, ამისთვის კი მომხმარებელს მუდმივად განახლებად საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს.

კახა ბექაურმა საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე უკვე 100-ზე მეტი რესურსია განთავსებული.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილული პროექტებიდან ერთ-ერთი მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ იყო, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს ასწავლის. ბექაურის თქმით, კონკურსი მოსწავლეებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2021 წელს ორჯერ ჩატარდა და ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ, კონკურსის პარალელურად, BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, კომუნიკაციების კომისიამ ათასამდე მოსწავლესა და 200-ზე მეტ სტუდენტს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები შეასწავლა.

მედიაწიგნიერების კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც კახა ბექაურმა ისაუბრა, მედიის ეკონომიკაა.

„მედიის ეკონომიკა ევროპის მასშტაბით აღიარებული პროექტია, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებს ციფრული მედიის დაფინანსების და მედიაეკონომიკის პრინციპებს ასწავლის“, - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ პროექტი Evas Foundation-ის მიერ აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიის ეკონომიკისა და მედიასაფრთხეების შესასწავლად. მედიის ეკონომიკის პროექტის განხილვისას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ პროექტის ავტორთან, ალექსანდრა ფალკონთან ერთად, შემუშავდა ქართულ სკოლებზე მორგებული საგაკვეთილო სქემა, რომელიც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით პრაქტიკულ სამუშაოებს გულისხმობს. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 2021 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ათასამდე მოსწავლე გადამზადდა.

პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების სახელმძღვანელო „გამარჯობა, რუბი“, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ქართულად ითარგმნა და გამოიცა, მედიაწიგნიერების კიდევ ერთი პროექტია, რომელზეც თავმჯდომარემ ისაუბრა. ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიამ ლინდა ლიუკასის 25 ქვეყანაში აღიარებული წიგნის 2 500 ეგზემპლარი დაბეჭდა და დამატებით 11 სკოლას გადასცა, რის შედეგადაც, 2021 წელს პროგრამირების საწყისების სწავლა დამატებით 2400-ზე მეტმა მოსწავლემ დაიწყო.

დანარჩენ პროექტებთან ერთად, ComCom-ის თავმჯდომარემ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ 2021 წელს თბილისის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და BTU-ს უნივერსიტეტის 600-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.