ვან დერ სარმა „აიაქსის“ გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა #1TVSPORT
22:41, 30 May, 2023
ამსტერდამის „აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა პოსტი დატოვა, - ამის შესახებ დაწერა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

„დირექტორთა საბჭოში 11 წელი ყოფნის შემდეგ, გადავწყვიტე დავასრულო მუშაობა. ერთად ბევრი შესანიშნავი მომენტი განვიცადეთ, მაგრამ ეს პერიოდი ასევე დაუჯერებლად რთული იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც აქ გავიცანი და მათთან ერთად ბევრს მივაღწიეთ და ბევრი რამ ერთად გავიარეთ. ვგრძნობ აუცილებლობას, რომ გარკვეულ დისტანციაზე გავიდე, ცოტა დავისვენო და სხვა საქმეები ვაკეთო. აი, ამიტომაც გადავწყვიტე გადადგომა“, - ახსნა თავისი გადაწყვეტილება ვან დერ სარმა.

ვან დერ სარი „აიაქსის“ დირექტორთა საბჭოში 2012 წლის ნოემბრიდან შედიოდა. 2016 წლის ნოემბრიდან ყოფილი მეკარე კლუბის გენერალური დირექტორი გახდა. მისი კონტრაქტი „აიაქსთან“ 2025 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.