პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს თუ დააკარგვინებს იმის გამო, რომ პუტინთან პოლიტიკურ ფლირტშია, მან პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს
23:38, 30 May, 2023
პუტინმა რომ შეშლილები და გიჟები ეძახა ქართველებს, თავისუფლების მოყვარე ხალხს, ვინმემ პროტესტი გამოთქვა „ხალხის ძალიდან“, ან „ქართული ოცნებიდან?“ ეს არის ღალატი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს უფრთხილდება.

„როდესაც „სტრატეგია აღმაშენებელში“ სხვადასხვა გეგმას ვიხილავთ, ვამბობთ, კი, ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა არის საშიში, შეიძლება, თვალებში მოგახტეს და ჩვენ საქართველოს ვუფრთხილდებით. მე ვიცი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოს არ უნდა გავცდე, მშვიდობიან პროტესტს არ უნდა გავცდე. აი, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ისეთი მდგომარეობა არ შევქმნა, ასე ვთქვათ, ჩემი ურაპატრიოტული მოწოდებით - აი, ვეკვეთო ახლა პრორუსულ ძალას, რომ საქართველოში უფრო მეტი გავლენა არ გავუზარდო რუსეთს. ამას ვუფრთხილდები, მეტს არაფერს. პირდაპირ გეუბნებით, მე არ მეშინია არავის მუქარის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია რომ უმრავლესობაში იყოს, ამ პირობებში 12-ვე ევრორეკომენდაცია სამ კვირაში შესრულდებოდა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ დაასრულებდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია პოლარიზაციას, რაც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი დავალებაა, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პოლარიზაცია ავტომატურად სრულდება, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოა, კორპორატივიზმის, ანუ კლანის გავლენა არ არის სასამართლოზე, თუ პოლიტიკური მოტივით არ აკავებენ მედიამენეჯერებს, ქუჩაში არ სცემენ ჟურნალისტებს, თუ სამართლიანი არჩევნებია და ა.შ.

„პოლარიზაცია ნიშნავს, რომ მხარეებს შორის ვერ ხდება კონსენსუსის მიღწევა. თუ ეს თერთმეტი საკითხი შესრულდა, დეოლიგარქიზაციას მივაღწიეთ, სასამართლო სისტემა გავაუმჯობესეთ და ა.შ., მე სათქმელი რა მაქვს, რა უნდა გავაპროტესტო და რასთან დაკავშირებით უნდა გავუბრაზდე ეკა სეფაშვილს, რომელიც სულ გაბრაზებულია? უკან ზის და გაბრაზებულია სულ. მე რაზე უნდა გავუბრაზდე? მიზეზი არ მექნება, უბრალოდ, სალაპარაკო არ მექნება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განტევების ვაცი კი არ უნდა ეძებოს, ვის დააბრალოს კანდიდატის სტატუსის ჩაგდება, არამედ უნდა ინახოს შესაძლებლობა.

„მე გეუბნებით, ამას ხელს უშლის ღარიბაშვილი ორი კომპონენტით. მართალია, კანდიდატის სტატუსის მიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არის, მაგრამ როცა შენ შენს ბოლო მოკავშირეს, „ევროპელ სოციალისტებს“, რომლის ოჯახის წევრიც იყო „ქართული ოცნება“, რომელიც ხელს გართმევდა და გამარჯობას გეუბნებოდა, იმასაც რომ მიწას აყრი, დედას აგინებ და ფაშისტს ეძახი, ევროპა როგორ გინდა? ევროპელ ფაშისტებს ეძახდნენ გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, წარმოგიდგენიათ? გერმანიაში კანონით არის დასჯადი ფაშისტობა და ფაშისტს რომ ეძახის გერმანიაში განათლებამიღებული კობახიძე, როგორ დავიჯერო, რომ შენ ევროპა გინდა? ვის ატყუებ?“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს ოპოზიციას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ამ შანსს დააკარგვინებს, იმის გამო, რომ პუტინთან პოლიტიკურ ფლირტშია, მან პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

„ხალხმა უნდა გადაახდევინოს, მოქალაქეებმა, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. მე გეტყვით, ჩემი გეგმა რა არის - ჩემი გეგმაა, მშვიდობიანად გამოვიდეს ხალხი ქუჩაში და როგორც თავის დროზე, ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა აიძულეს კომუნისტურ-ბოლშევიკურ ხელისუფლებას მშვიდობიანი მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნა, ასევე ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეკითხვაზე, რა აჩვენა ოპოზიციას მარტის აქციებმა, სადაც მიტინგმა თავის სივრცეში ოპოზიციის ლიდერები არ მიიღო, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ როცა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, ამბობს, რომ გიორგი ვაშაძემ დაარტყა ალყა და მისი ბრალია, ხოლო როცა სჭირდება, ამბობს, რომ მიტინგზე არ მიიღეს.

„ჩამოყალიბდეს პროპაგანდა. ვაშაძე იმ დღეს ამბობდა, ეს ახალგაზრდები არ მივატოვოთ, მეგობრებოო. ის ადამიანი, ვიღაც „ჩუბჩიკა“, ვინც ვაშაძეს უთხრა, ჩადი, არცერთ სასამართლოზე არ ყოფილა და გიორგი ვაშაძე ყველა სასამართლოზე დადის, ყველა ბრალდებულის. ეს არის განსხვავება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.