საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ნოემბერში ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიისა (2:2) და ესპანეთის ნაკრებებთან (1:3) გამართულ შეხვედრებზე.
„კარგი განწყობა და მენტალიტეტი გვაქვს, გუნდში კი ისეთი ბრძოლისუნარიანი ხასიათი გაჩნდა, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მარტში (ევრო 2024-ის პლეი ოფში) იმ ორ შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.
თუმცა, ძალიან რთული თამაშები გველის და, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლა იქნება, მაგრამ ჩვენი გუნდის და ფეხბურთელების იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, ყველა ჯანმრთელად იქნება და აუცილებლად წარმატებისთვის ვიბრძოლებთ“, - ამბობს გურამ კაშია.
ესპანეთთან მატჩით ჩვენმა გუნდმა 2023 წელი დაასრულა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2024 წლის 21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში გამართავს. მოგების შემთხვევაში ფინალში გავა, ხოლო იქ წარმატებით თამაშის შემთხვევაში 2024 წლის კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.