საერთაშორისო ანალიტიკური გვერდების აზრი, თუ ვინ იყო საუკეთესო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის წინააღმდეგ, გაიყო. ერთმა გამოცემამ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა საუკეთესოდ, ორმა კი გოლის ავტორი - ხვიჩა კვარაცხელია.
„ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ ესპანეთის ნაკრებთან (1:3) გამართულ შეხვედრაში გუნდი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა. sofascore-მა მამარდაშვილს 7.3 ქულა დაუწერა, მეორე ადგილზე გიორგი ჩაკვეტაძეა (7.2 ქულა), ხოლო საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა 7.1 ქულით. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ესპანელი ფერან ტორესი (8.8) დაასახელა.
„ბარსელონას“ თავდამსხმელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად Whoscored-მაც აღიარა (8.5), ხოლო საქართველოდან სამეული ასეთი თანამიმდევრობით გამოიკვეთა: პირველზე ხვიჩა კვარაცხელია (7.6) გავიდა, მეორეზე - ნაკრებში დაბრუნებული ოთარ კაკაბაძე (7.2), მესამეზე - გიორგი მამარდაშვილი (7.0).
Flashscore-მაც ქართველებში საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია (7.4) აღიარა, მეორეზე ამ ვარიანტშიც ოთარ კაკაბაძეა (7.1), ხოლო მესამე პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძეა (7.0). ამ საფეხბურთო გვერდმაც საუკეთესოდ ფერან ტორესი (8.7) აღიარა.
ესპანეთთან მატჩით ჩვენმა გუნდმა 2023 წელი დაასრულა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2024 წლის 21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში გამართავს. მოგების შემთხვევაში ფინალში გავა, ხოლო იქ წარმატებით თამაშის შემთხვევაში 2024 წლის კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.