გურამ მაჭარაშვილი - ჩვენთვის მთავარია სტრატეგია, რომ იყოს სუვერენიტეტი, ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეულ ევროპარლამენტართა განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს
01:00, 26 Apr, 2024
ამ დიდი ინსტიტუციის, ევროპარლამენტის რეზოლუციები, პრაქტიკულად, ევროპისვე ინსტიტუციებმა გააქარწყლეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მაგალითად, გავიხსნოთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ამბობდნენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და ამიტომ ის უნდა გათავისუფლებულიყო. ასევე, გვახსოვს, რომ სააკაშვილს არათუ აწამებდნენ, ფაქტობრივი მდგომარეობა დადგა, რომ ის დღეს პოლიტიკოსად გვევლინება და წამების არაფერი ემჩნევა. ამის გარდა, ეს რეზოლუცია გააბათილა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ არ აწამებს საავადმყოფოში. ანუ, ევროპარლამენტის რეზოლუცია გააბათილა ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ. ამასთან, გვახსოვს, რომ ევროპარლამენტმა კეზერაშვილზეც გამოაცხო რეზოლუცია დაახლოებით ერთი წლის წინ, თურმე ის მედიამენეჯერი და ძლიერი პიროვნებაა, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს აფინანსებს და რამდენიმე კვირაში ევროპისვე სააგენტოებმა კეზერაშვილს თაღლითობაში წაუყენეს ბრალი. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის რეზოლუციებს ფასი აღარ აქვს და ეს არის სამწუხარო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი არის სუვერენიტეტი.

„სხვათა შორის, ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილზე ყველაზე კარგი გამოხმაურება ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რომელმაც პირდაპირ თქვა, ევროპამ უნდა აჩვენოს ამერიკას, რომ ის მისი ვასალი არ არისო. ეს მისი სიტყვებია. ადრეც თქვა და ახლაც გაიმეორა. ასევე ემანუელ მაკრონი ამბობს: „დღეს ჩვენი ევროპა მომაკვდავია, შეიძლება, ის მოკვდეს. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ სარწმუნო თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული ამერიკაზე“. შესაბამისად, როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს, ყელზე დაგვადგება? საფრანგეთს იცავს ნატო და ევროკავშირის ქოლგა, საქართველოს კი ეს ყველაფერი არ იცავს. კითხვაზე, დაიცავენ თუ არა ისინი საქართველოს რუსეთის ოკუპაციისგან, ჩვენი პარტნიორები გვპასუხობენ, რომ ვერ დაიცავენ. ამიტომ ჩვენთვის მთავარია სტრატეგია, რომ იყოს სუვერენიტეტი, ეს ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეულ ევროპარლამენტართა განცხადებები კი მხოლოდ და მხოლოდ აღვივებს ანტიევროპულ განწყობებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპული ფასეულობა სულ სხვა რამ არის და ის არ განისაზღვრება არც რეზოლუციებით და არც გეოგრაფიული მდებარეობით.

„ევროპაში დაიბადა ფაშიზმი, მაგრამ რა, ამიტომ უარი თქვა ვინმემ ევროპულ ღირებულებებზე? არა, პირიქით, ფაშიზმი დამარცხდა. დიქტატორები რა, არ იყვნენ ევროპულ სახელმწიფოებში? იყვნენ, მაგრამ ამიტომ ევროპული ღირებულებები შეილახა?! ჩვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ხალხი ვართ და ტერიტორიულად ხომ არ უნდა წავიდეთ სადმე და გადავსახლდეთ? აქ ვცხოვრობთ და ჩვენი ქართული მენტალიტეტი, იცით, რატომ არის ევროპულ მენტალიტეტთან თავსებადი? იმიტომ, რომ იქაც ქრისტიანულ კულტურაზეა დაფუძნებული და ჩვენთანაც. როდესაც რეზოლუციაში ამბობენ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გაიწვიეთო, ამ რეზოლუციით გვეუბნებიან, ლგბტ პროპაგანდა შეუშვით სახელმწიფოშიო, უკანონოდ გამოუშვით სააკაშვილი და უკანონოდ დაასანქცირეთ ბიძინა ივანიშვილიო, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ქველმოქმედების, მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედების მეტი არაფერი არ მოუტანა. რომელია აქედან ევროპული ღირებულება? - არცერთი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონპროექტში ზუსტად ის წერია, რასაც ითხოვს პრეზიდენტი მაკრონი, აშშ, ისრაელი და ეს არის გამჭვირვალობა.

გადაცემის წამყვანის შკითხვაზე, როგორ შეიძლება, უმრავლესობამ გადააზღვიოს, მაგალითად, კანონის მომავალში გამკაცრების საფრთხე, რომ არ შეიზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორში ძალიან კარგად იციან, რაშია პრობლემა.

„შავი ფული, რომელიც უცხოეთიდან მოედინება, მხოლოდ უცხოეთის ინტერესებისთვის არ იხარჯება. როგორც ჩანს, აქაურ არასამთავრობო სექტორსაც თავისი პირადი ინტერესები აქვს, თორემ რა პრობლემაა გამჭვირვალობაში?“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.