ენტონი ბლინკენი - მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ რასაც აკეთებს არა მხოლოდ მისი პოლიტიკის, არამედ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის ანარეკლია
20:57, 04 May, 2024
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღება „ჰამასისთვის“ მარტივი უნდა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არიზონაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა „ჰამასის“ მიერ კაიროში მოლაპარაკებებზე გაგზავნილ დელეგაციაზეც და აღნიშნა, რომ „ჰამასისგან“ პასუხს ელოდებიან.

სახელმწიფო მდივანს, ასევე, ჰკითხეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ისრაელი რაფაჰში ოპერაციას მაინც ჩაატარებს.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ისრაელს, რომელსაც აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის იმედი აქვს, რაფაჰში მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის სანდო გეგმა ჯერ არ წარუდგენია.

„ასეთი გეგმის არარსებობის პირობებში არ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ რაფაჰში დიდ სამხედრო ოპერაციას, რადგან მისი ზიანი მისაღებზე დიდი შეიძლება იყოს“, - განაცხადა ბლინკენმა.

რაც შეეხება ისრაელში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას და ბენიამინ ნეთანიაჰუს როლს, სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ „მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ რასაც ის აკეთებს, არა მხოლოდ მისი პოლიტიკის, არამედ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის ანარეკლია“.

„ამ საკითხს პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ეს არის რთული მთავრობა, კოალიცია და მან ეს უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა ბლინკენმა.