ესტონეთის ლიგა | კუხიანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
20:59, 04 May, 2024
„ნარვა ტრანსის“ თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე ესტონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - რჩეულები ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.

სერგო კუხიანიძემ პრემიუმ ლიგის მე-8 ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, „პაიდე ლინამესკონდისთან“ საშინაო დაპირისპირება შესანიშნავად ჩაატარა და გოლი გაიტანა. 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი 32-ე წუთზე გამოიჩინა - სტუმართა მცველს ბურთი მოჰპარა და „ნარვა“ დააწინაურა.

ამ შეხვედრაში „ნარვას“ უპირატესობის გაზრდა ზაქარია ბეგლარიშვილს შეეძლო, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა 77-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. დამატებულ მე-6 წუთზე კი „პაიდემ“ ანგარიში გაათანაბრა.

კუხიანიძისთვის ეს პირველი აღიარება არ არის - პრემიუმ ლიგის მე-4 ტურში „ნიმ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში დუბლის ავტორი გახდა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.