იტალიის თავდაცვის მინისტრი - პოზიცია უცვლელია, ჩვენ მუდამ გამოვრიცხავდით ჩვენი სამხედროების უკრაინის კონფლიქტში ჩართვას
22:47, 04 May, 2024
იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედროების უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება დაძაბულობას ზრდის. გვიდო კროზეტოს თქმით, იტალიელი ჯარისკაცები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაებან უკრაინაში მიმდინარე ომში.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საჭიროა უკრაინის დახმარება და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ამასთან ერთად, ჩვენ მუდამ გამოვრიცხავდით ჩვენი სამხედროების ჩართვას კონფლიქტში”, - აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი.

იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა დაძაბულობის გაზრდა არაა საჭირო და საჭიროა დიალოგის ფორმების გამონახვა.

„სხვებისგან განსხვავებით, ჩვენს სისტემაში პირდაპირი სამხედრო ინტერვენციები მკაფიოდ აკრძალულია. ჩვენ სამხედრო ჩარევა შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ საერთაშორისო მანდატით, მაგალითად, გაერო-ს რეზოლუციის შესასრულებლად. ჰიპოთეზური ჩარევა უკრაინაში არა მხოლოდ არ შევიდოდა ამ გამონაკლისში, არამედ გამოიწვევდა კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელებისთვის არ იქნებოდა სარგებლის მომტანი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი პირდაპირი ჩარევის პირობები არ არსებობს”, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ კონფლიქტს მხოლოდ ამწვავებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აზრი არ შეუცვლია, როდესაც უკრაინაში დასავლური ჯარების შესვლას არ გამორიცხავდა და ამ მიდგომას მართებულად მიიჩნევს.