„რეალი“ 36-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი #1TVSPORT
23:05, 04 May, 2024
ლა ლიგის 34-ე ტურში ჩემპიონი გაირკვა - ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე.

შაბათს „რეალმა“ შინ 3:0 დაამარცხა „კადისი“, მისმა უახლოესმა მდევარმა „ბარსელონამ“ კი სტუმრად 2:4 დათმო შეხვედრა „ჟირონასთან“. შესაბამისად, კატალონელებმა დაკარგეს „რეალის“ დაწევის შანსი.

„რეალის“ ჩემპიონობისა და ისტორიის მთავარი ციფრები:

* „რეალი“ 36-ედ გახდა ჩემპიონი. დანარჩენები ძალიან ჩამორჩენილები არიან: 27 - „ბარსელონა“, 11 - „ატლეტიკო“, სხვებს 10-ზე ნაკლები აქვთ. ბოლო 12 სეზონში „რეალმა“ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონობა, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ტიტული 2008 წლის შემდეგ არ მოუგია.

* „რეალმა“ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო - „ატლეტიკოსთან“ (1:3) გასული წლის სექტემბერში. ბოლოს „რეალმა“ ერთი წაგებით სეზონი 1989 წელს დაასრულა - წააგო მხოლოდ „სელტასთან“.

* „რეალი“ შესანიშნავად თამაშობს შინ - ერთადერთია წაგების გარეშე საკუთარ მოედანზე და მხოლოდ ორ მატჩში დაკარგა ქულები (0:0 „რაიო ვალეკანოსთან“ და 1:1 „ატლეტიკოსთან“).

* სამმა ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში, მინიმუმ, 10 გოლი: 18 აქვს ჯუდ ბელინგემს, 13 - ვინისიუსს და 10 - როდრიგოს. „გოლი+პასი“ სისტემით ლიდერობს ბელინგემი - მას 18+4 აქვს.

* ლუკა მოდრიჩმა 25-ე ტიტული მოიგო „რეალთან“ ერთად, დანი კარვახალმა და ნაჩო ფერნანდესმა - 24-ე, ტონი კროოსმა - 21-ე.

* კარლო ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერაში 27-ე ტიტული მოიგო.