რაგბი | ლადო კილასონია - შევეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და ინგლისს უკეთ მომზადებულები დავხვდეთ #1TVSPORT
13:20, 05 May, 2024
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდთან ტესტმატჩი გამართა და 17:26 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ თამაში შეაფასა:
ლადო კილასონია: „ეს ჩვენთვის პირველი თამაში იყო და ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა. ფრანგებთნ სამი სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშეთ, რადგან მოთამაშეთა გამოცდა გვსურდა და ამ მიზანს მივაღწიეთ. კარგია, რომ თბილისში ასეთი მაღალი დონის გუნდს ვუმასპინძლეთ. დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილის დასრულებისთვის ეს თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო. ახლა ცოტას დავისვენებთ, შესაბამის ანალიზს გავაკეთებთ და მზადებას შევუდგებით.

წინ ინგლისთან ორმატჩიანი სერია გველოდება. შევეცდებით, რომ შეცდომები გამოვასწოროთ, გავაუმჯობესოთ ის, რაც კარგად გამოგვდის და ინგლისს უკეთ მომზადებულები დავხვდეთ, ვიდრე საფრანგეთთან ვიყავით“.

ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან მატჩები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე 7 და 12 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.