სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესში ცალმხრივი დათმობის წინააღმდეგ მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
14:51, 05 May, 2024
სომხეთში მოქალაქეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

როგორც სომხური მედია წერს, მსვლელობის ორგანიზატორია მოძრაობა სახელწოდებით „ტავუში სამშობლოს სახელით“, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა სოფელ კირანციდან დაიწყო და 9 მაისს ერევანში დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებენ.

ცნობისთვის, სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.