„უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, კერძო კრედიტორები ითხოვენ, უკრაინამ სახელმწიფო ვალის პროცენტის გადახდა განაახლოს
17:37, 05 May, 2024
უკრაინის სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელთა ნაწილი აპირებს, მოითხოვოს, რომ კიევმა 2025 წლიდან სახელმწიფო ვალის პროცენტის გადახდა განაახლოს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს. აღნიშნული გადახდები 2022 წლიდან ომის გამო იყო შეჩერებული.

როგორც „უოლ სთრით ჯოურნალს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, საუბარია კრედიტორებზე, რომელთა მფლობელობაშიც არის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინული სახელმწიფო ობლიგაციები. გამოცემა წერს, რომ უცხოელმა კრედიტორებმა უკვე აიყვანეს იურისტები, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ.

სტატიაში ნათქვამია, რომ კრედიტორებს სურთ, უკრაინამ პროცენტის გადახდა განაახლოს, სანაცვლოდ კი, ვალის მნიშვნელოვანი წილის ჩამოწერა მოხდება.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, უკრაინული ობლიგაციების მფლობელებს წლიური პროცენტის სახით 500 მილიონ დოლარამდე თანხის მიღება სურთ. მედიის ინფორმაციით, კიევი ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მაისში აპირებს. გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე ცდილობს, ამ გარიგებასთან დაკავშირებით აშშ-ისა და სხვა მოკავშირეებისგან მიიღოს თანხმობა. ამასთან, ვაშინგტონში შეშფოთებული არიან, რომ თუ უკრაინა ვალის მომსახურებას განაახლებს, შედეგად გადასახადების გადამხდელების თანხა კერძო კრედიტორების ხელში აღმოჩნდება.

გამოცემა წერს, რომ კიევი გადახდების განახლებაზე თუ უარს იტყვის, უკრაინას, შესაძლოა, დეფოლტის გამოცხადება უკვე აგვისტოში მოუწიოს, ეს კი უარყოფითად აისახება უკრაინის რეპუტაციაზე და ახალი სესხების მიღებას გაართულებს.

ამერიკული გამოცემა მიუთითებს, რომ კრედიტორებმა 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ 2 წლით გამოაცხადეს ე.წ. საგადასახადო არდადეგები, რადგან მიაჩნდათ, რომ ომი 2024 წელს დასრულდებოდა.

როგორც „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს, ზოგიერთი კრედიტორი გამოვიდა წინადადებით, უკრაინის გაყინული სახელმწიფო ვალის დასაფარად რუსული აქტივები იყოს გამოყენებული, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და „დიდი შვიდეულის“ წევრმა ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ ინიციატივას ჯერ მხარი არ დაუჭირა.