შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ არგუმენტების ნაცვლად, არის ისტერია, მაგიდებზე ბრახუნი, კანადაში ხდება კანონპროექტის ინიცირება, ევროკავშირში დაინიცირდა დირექტივა, ატყდა პანიკა?
13:09, 08 May, 2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პერიოდში მმართველი გუნდის წარმომადგენლები მუდმივად ითხოვენ, პარტნიორებმა დაასახელონ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რატომაც არ უნდა იყოს კანონპროექტი მიღებული, მათ შორის, ძალაშია ელჩების მიმართ პრემიერის შეთავაზება კანონპროექტის საჯაროდ განხილვასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვისთვის ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის.

„უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიდის გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვა და რამდენიმე კვირაა, ჩვენ ვითხოვთ, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული არგუმენტი, შემოთავაზება იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს ფორმულირებული ესა თუ ის მუხლი, როგორ იყოს ჩამოყალიბებული ესა თუ ის მიდგომა, მზად ვართ, ეს შინაარსობრივად განვიხილოთ. ამას იმეორებდნენ მომხსენებლები საპარლამენტო განხილვების დროს, მათ შორის, მეორე მოსმენით განხილვისას და ამასვე ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს. მათ შორის, ჯერ კიდევ ძალაში არის შეთავაზება, რომელიც გააკეთა პრემეირ-მინისტრმა ელჩების მიმართ. თუ ვინმეს აქვს საგნობრივად რაიმე სათქმელი და შემოსათავაზებელი, მზად ვართ, ეს მოვისმინოთ. სამწუხაროდ, პირველივე დღიდან არის მსჯელობის დაბლოკვა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ზუსტად ამ მორალური ტერორის ელემენტების გამოყენებით და სპეცსამსახურების ტექნიკით პროპაგანდის წარმოებით ხდება დაბრენდვა თავად პროცესისა თუ კანონისა, როგორც რუსული კანონის, რათა დისკუსია არ შედგეს.

ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი არგუმენტები, არის ჩვეულებრივი ისტერია, ბრახუნი მაგიდებზე, სლოგანების წამოძახილი და არა შინაარსობრივი განხილვა. შინაარსობრივი განხილვისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ. სამწუხაროდ, გავიდა კვირები და ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი. პირიქით, ვისმენთ, ახალ ამბებსაც ვეცნობით, ვნახეთ, რომ კანადაშიც ინიცირდება მსგავსი კანონი, ვნახეთ, სხვა ქვეყნებში როგორ მიდის განხილვა ამა თუ იმ ინიციატივისა. სწორედ ეს არის მთლიანად ამ პროცესის ფარისევლობა. ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი, იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები, პატარა ქვეყნისთვის და ქართველებისთვის არ არის დასაშვები, რაც სამწუხარო მიდგომაა. კანადაში ხდება ინიცირება, სადმე ატყდა პანიკა ამასთან დაკავშირებით? ევროკავშირში მოხდა დირექტივის ინიცირება, სადმე პანიკა ატყდა ამასთან დაკავშირებით? განხილვაზე პანიკა ატყდა კანადაში?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.