ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - პლეი ოფში ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ ჩვენი შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
14:14, 08 May, 2024
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე  კალანდაძემ ავსტრიასთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„გუნდი სრული შემადგენლობით დღეს შეიკრიბა. ვარჯიშზე ბიჭების განწყობა რომ ვნახე, წარმატების იმედი გამიჩნდა. აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, ახლა კი ყველა ჯანმრთელადაა. რაც მთავარია, წინა საკვალიფიკაციო ეტაპსა და ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, ახლა უკეთეს ფორმაში ვართ. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ წარმატებით ვითამაშებთ.

ავსტრია გამოცდილი და ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც არსებობის ისტორიაში ალბათ საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ჩვენი შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. იმედია, გულშემატკივარი მრავლად მოვა და თბილისურ შეხვედრას ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ“, - განაცხადა ტიტე კალანდაძემ.

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ისტორიაში პირველად აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ჩვენი გუნდი ავსტრიას 9 მაისს, „თბილისი არენაზე“ 18:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ავსტრიაში გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.