ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირში წევრობაა და პარტიებიც წინასაარჩევნო კამპანიას ამ თემის ირგვლივ აგებენ
13:49, 08 May, 2024
ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირში წევრობაა და პარტიებიც წინასაარჩევნო კამპანიას ამ თემის ირგვლივ აგებენ, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა კოორდინატორმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ჩრდილოეთ მაკედონიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქვეყანა იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. შესაბამისად, ევროკავშირში წევრობა ერთ-ერთი მთავარი თემაა და პარტიებიც წინასაარჩევნო კამპანიას ამ თემის ირგვლივ აგებენ. არის საკმაოდ მძიმე პოლარიზებული გარემო და ამით ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის სხვა ქვეყნებისგან არ გამოირჩევა. სამწუხაროდ, ნორმად ყალიბდება წინასაარჩევნო პერიოდში პოლარიზებული გარემო, შესაბამისად, ველოდებით ძალიან საინტერესო არჩევნებს. არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო არჩევნების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები არიან დაყოფილი ე.წ ეთნიკური ნიშნით, შესაბამისად, არსებობს ორი დიდი მაკედონიური პარტია და არის ორი დიდი ალბანური პარტია. სავარაუდოდ, ამ პარტიებს შორის კოალიციის მეშვეობით მოხდება მთავრობის ფორმირება.

რაც შეეხება ჩვენს მისიას, ეს არის ეუთო/ოდირის მისია, თუმცა მე წარმოვადგენ და ვიქნები სპეციალური კოორდინატორი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გადაწყვეტილებით. ვიქნები სპეციალური კოორდინატორი, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის მისიას, არამედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპული პარლამენტის მისიებს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მე დამეკისრა და ამისთვის თავმჯდომარის მადლობელი ვარ. ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულია, პარლამენტში ირჩევა 120 დეპუტატი, სიითი წარმომადგენლობით. ქვეყანა ექვს ოლქად არის დაყოფილი და თითოეულ ოლქიდან, პროპორციული შედეგებიდან გამომდინარე, არჩეული იქნება 20 დეპუტატი. ჩვენ საარჩევნო დღის ბოლოს ან არჩევნების მეორე დღეს, დილით უკვე გვეცოდინება წინასწარი შედეგები, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების. ეს არ იქნება საბოლოო შედეგები და იქნება გასაჩივრების შესაძლებლობა. ძირითადი სურათი უკვე ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი და შემაჯამებელი კონფერენცია დღის მეორე ნახევარში გაიმართება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.