ბექა ნაცვლიშვილი - ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სასაცილო იყო
12:50, 11 Feb, 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სასაცილო იყო.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, თუ ვინმე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შინაარსის ანალიზს გააკეთებს, დასკვნა მარტივი გამოსატანია.

„სრულიად აცდენილია მისი გამოსვლა, შინაარსი - სასაცილო. ცხადია, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.