გედევან ფოფხაძე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დემარშები ყოველთვის ავანტიურისტული და სკანდალური ფონით ხასიათდება
13:17, 11 Feb, 2019
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დემარშები ყოველთვის ავანტიურისტული და სკანდალური ფონით ხასიათდება, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს გუშინ, ლიეჟში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრებაზე კომენტირებისას განუცხადა.

„ეს არის ხალხი, რომელიც მნიშვნელოვანწილად სოციალური პრობლემების გამო წავიდა ქვეყნიდან და მათ ამ ქვეყანაში დაბრუნების ყველა წინაპირობა უნდა ქონდეთ. ამ მიმართულებით რაღაც პოლიტიკური გრადუსის აწევა და ცოტა ავანტიურისტული პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვევია სააკაშვილს, არ არის პოზიტიური ამ პროცესის მიმართ. გასაგებია, რომ თუ ვიღაცა რაღაც ღონისძიებას ატარებს, სჯობს, ჩაატაროს და ამ პროცესში არავინ ჩაერიოს, მაგრამ ეს სააკაშვილია და როგორც წესი მისი პოლიტიკური დემარშები ყოველთვის ავანტიურისტული და სკანდალური ფონით ხასიათდებოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.