ლევან გოგიჩაიშვილი -  იუსტიციის საბჭოს, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, ინსტრუმენტი უნდა წაერთვას
22:41, 20 Feb, 2019
პოლიტსაბჭოს განცხადება აბსოლუტურად აცდენილია იმ საერთო სახალხო დაკვეთას და რეალობას, რომელიც პარლამენტს გარეთაა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ყველა ადამიანი არის მოლოდინში, რომ ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და სწორი ნაბიჯია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების საკითხი, რაც პარლამენტს შევთავაზეთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გახდა უვადოდ დანიშვნის გადავადების საკითხი დღეს სადაო, მით უმეტეს, ისეთი არასწორი და არაგულწრფელი არგუმენტით, როგორიც არის მისი არაკონსტიტუციურობა.

„ეს არაკონსტიტუციური კი არ არის, უბრალოდ, საკუთარ თავში ვერ ვეძებთ ძალას და გამბედაობას, რომ ამ არასწორ პროცესს შევეწინააღმდეგოთ და ეს პროცესი ძალიან არასწორად მიდის. საკონსტიტუციო ჯგუფში განხილვა რომ იყო, ჩვენ ამაზე შევთანხმდით, რომ გარდამავალი დებულებით ვუშვებდით იმის ალბათობასა და შესაძლებლობას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი ორგანული კანონით 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეგვეჩერებინა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა მმართველი გუნდისთვის წინასწარ ცნობილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ ინიცირებული კანონპროექტის შინაარსი, ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ბუნებრივია, იყო.

„ვიდრე ინიცირებულ კანონპროექტს ოფიციალურად დავარეგისტრირებდით, ჩვენ ასევე ვითხოვეთ, კიდევ ერთხელ გვემსჯელა, მაგრამ ამ საკითხზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. შესაბამისად, იქედან გამომდინარე, რომ იუსტიციის საბჭომ დანიშვნები განაახლა, ჩვენ ჩავთვალეთ, ეს პარლამენტის უპატივცემულობა იყო და პარლამენტს უნდა ემოქმედა. რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ იმოქმედა და არ აქვს ამის შესაძლებლობა, იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ წავიდეს, ეს ჩვენ თავზე ავიღეთ და ჩვენ ვიმოქმედეთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის პრესტიჟს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იცავდეს, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია ამ პერიოდის განმავლობაში, როცა პარლამენტის ცალკეული წევრებისა და ინსტიტუციის მიმართ თავდასხმები იყო.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს, რომელიც დანიშვნის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, ინსტრუმენტი უნდა წაერთვას და ამ პროცესს საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს.