სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ შეიცვალა, სამხედრო თანამშრომლობა, საჰაერო თავდაცვა, მეტი თუ გჭირდებათ, აქ ვართო
23:12, 20 Feb, 2019
საფრანგეთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ შეიცვალა - სამხედრო თანამშრომლობა, საჰაერო თავდაცვა, მეტი თუ გჭირდებათ, აქ ვართო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოზეა დამოკიდებული, როგორც გააღრმავებს ქვეყანა გერმანიასთან იმ თანადგომას, მხარდაჭერასა და მეგობრობას, რომელიც დამოუკიდებლობიდან მოგვყვება.

„საფრანგეთში იყო განსაკუთრებული განწყობა, ამ დონეზე არ ველოდი, რომ ყველაფერზე წამომსვლელები არიან, ყოველ შემთხვევაში, განცხადებები ასეთი იყო. ახლა უნდა ვნახოთ, რაში გადავა ეს ყველაფერი, მაგრამ არის ძალიან დიდი მზადყოფნა.

საფრანგეთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ შეიცვალა, ანუ სამხედრო თანამშრომლობა, საჰაერო თავდაცვა, მეტი თუ გჭირდებათ, აქ ვართო. რამდენიმე წლის წინ მსგავსი რამ არ გამიგია საფრანგეთისგან.

რაც შეეხება გერმანიას, ასეთი ცვლილება არ შემიტყვია, მაგრამ მერკელს ეტყობა, რომ ასრულებს თავის ვადას. მგონი, უნდა დაველოდოთ ახალ ხელმძღვანელობას, რომ ვნახოთ ახალი პოზიციები, მაგრამ ჩვენს მიმართ ის თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა, რომელიც თან მოგვყვება დამოუკიდებლობიდან, არის, იქნება და ჩვენზეა დამოკიდებული, რომ გავაღრმავოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ვიზიტის შეჯამებისას.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიას სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას. შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა 18 თებერვალს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა, ჟერარ ლარშემ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ლიდერ ქალებს შეხვდა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექციაც წაიკითხა. 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმაც უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში ანგელა მერკელმა უმასპინძლა. მერკელთან შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელშიც შეაფასა. საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.