ლევან გოგიჩაიშვილი - ოთხი მოსამართლე დღეს, იუსტიციის საბჭოში, პირდაპირი მნიშვნელობით, უსაქმურად იმყოფება
23:16, 20 Feb, 2019
ოთხი მოსამართლე დღეს, იუსტიციის საბჭოში, პირდაპირი მნიშვნელობით, უსაქმურად იმყოფება, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ჩინჩალაძე, სააპელაციოს მოსამართლე აბსოლუტურად უსაქმურად არის, რადგან, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საქმე არ აქვს განხილული. გვრიტიშვილი აბსოლუტურად უსაქმურადაა. იმიტომ, რომ საქმე მასაც არ აქვს განხილული. ასევე, იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრს და ასევე მოქმედ მოსამართლეს საქმე არ აქვს განხილული და ეს ადამიანები საკუთარ კოლეგებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმაზე არიან გადასული“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, თუ ეს ოთხი ადამიანი სასამართლოს საქმეებისთვის მოიცლის, დაჩქარდება ბევრი საქმის გადაწყვეტა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ელოდება.

„ამიტომ, როდესაც დეპუტატები წუხან, სასამართლოზე რამდენი მოსამართლე დააკლდება, იქედან დაიწყონ, თავიანთი მიღებული კანონები რამდენად სრულდება, რამდენად უფლებამოსილებაში ზის იუსტიციის საბჭო და რამდენად ასრულებს იმ კონსტიტუციურ პრინციპს, სადაც ადამიანებს უფლება აქვთ, სწრაფი, დროული და სამართლიანი მართლმსაჯულება მიიღონ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, ამ შემთხვევაში სად არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტი და რატომ არ ასრულებს ზედამხედველობის და კანონის აღსრულების ფუნქციას.

„იურიდიული კომიტეტის კონსტიტუციური ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიოს კანონის აღსრულებას. იურიდიული კომიტეტი კი, ამას აღარ აკეთებს. ის დღეს იუსტიციის საბჭოს ადვოკატად გვევლინება და ბუნება დაანგრია, მოშალა რეპუტაცია როგორც იურიდიული კომიტეტის კონსტიტუციური ფუნქციის, ასევე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა პარლამენტის რეპუტაციაც, რადგან პარლამენტი უკვე აღარ არის დაცული გარე გავლენებისგან“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ის საპარლამენტო უმრავლესობაში იმ შემთვევაში, თუ მმართველი გუნდი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ ინიცირებული კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აქვს, უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ხოლო თუ ეს იმედი არ გამართლდება, როგორ იმოქმედებს, ამაზე დღეს ვერ ისაუბრებს.