ბრიტანეთის პარლამენტში „ბრექსიტის“ საკითხზე მეორე რეფერენდუმის დანიშვნას უყრიან კენჭს
21:03, 14 Mar, 2019
ბრიტანეთის პარლამენტი „ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმის ხელმეორედ გამართვის წინადადებას უყრის კენჭს. შესაბამისი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების მოულოდნელი გადაწყვეტილება თემთა პალატის სპიკერმა მიიღო. კენჭისყრა დღესვე გაიმართება.

ამას გარდა, დღეს პარლამენტში კიდევ ერთხელ გამოიტანენ დასამტკიცებლად ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებულ გეგმას. მას დეპუტატები მესამედ უყრიან კენჭს.

ასევე განიხილება „ბრექსიტის“ გაჭიანურების შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაში არსებობს ორი ვარიანტი: მოკლევადიანი ანუ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის 30 ივნისამდე გადადება ან უფრო ხანგრძლივი. თუ „ბრექსიტის“ პროცესი გახანგრძლივდება, მაშინ დიდ ბრიტანეთს მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობა.

ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 29 მარტამდეა დაგეგმილი. თუმცა, პარლამენტს ჯერ არც თანმიმდევრული „ბრექსიტის“ გეგმა და არც „ბრექსიტის“ გადადების წინადადება არ დაუმტკიცებია. ამიტომ რჩება შესაძლებლობა, რომ ბრიუსელისა და ლონდონის განშორება შეთანხმების გარეშე დაიწყება.