რომან კაკულია - გიორგი ქობულიას შერჩევისას ან შეცდომა დავუშვით, ან თავად დაუშვა ისეთი შეცდომა, რაც მიუღებელი იყო
14:00, 19 Apr, 2019
გიორგი ქობულიას შერჩევისას ან შეცდომა დავუშვით, ან თავად დაუშვა ისეთი შეცდომა, რაც მიუღებელი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პრემიერმა ამ საკითხზე განმარტება უნდა გააკეთოს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებას დაველოდოთ. როგორც ვიცი, მან გარკვეული განმარტება უნდა გააკეთოს რადგან ამის განხილვა ვერ მოხდება, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილების, რომელშიც უცნაური არაფერია. უცნაური არის, რადგან რვა თვე ეკონომიკის მინისტრის შესაფასებლადაც არ არის საკმარისი. ბოლომდე რომ გაიგო, როგორ მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ექვსი თვე მხოლოდ ამას სჭირდება, ძალიან დიდი სამინისტროა. განმარტება უნდა გაკეთდეს, რომ ეს ადამიანი ან ის არ აღმოჩნდა, ვინც ეგონა იმას, ვინც მოიყვანა და ან რაღაც კონკრეტული თემა უნდა დასახელდეს, რადგან ეს ადამიანი რვა თვეში ეკონომიკური სასწაულის მოხდენას ვერ შეძლებდა. პრინციპში, მისი მუშაობით, პარლამენტთან ურთიერთობაში საპრეტენზიო ბევრი არაფერი მაქვს. ალბათ, საქმე გვაქვს მმართველობის თემაში არსებულ უთანხმოებასთან პრემიერ-მინისტრთან, რაც პრემიერის პრეროგატივაა, რაც ჩვენ არ უნდა გვცოდნოდა, მაგრამ მისგან რაღაც განმარტება სავალდებულოა. ამ ქვეყანაში ყველაფერი ფარდობითია და თუ ვინმეს შეეძლო, საკუთარი თავისთვის ეკონომისტი ეწოდებინა, ერთ-ერთი ისიც იყო“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა.

„მმართველობაში სულ სხვა თემაა, შეიძლება, გუნდურობის პრინციპი არსებობს, დავალებების შესრულების თემები, რაც პრემიერის პრეროგატივაა. სულ სამი ვარიანტია - ამ ადამიანის შერჩევისას ან შეცდომა დავუშვით, ან ისეთი შეცდომა თავად დაუშვა, რაც მიუღებელი იყო. ან მესამე დარჩა - ინტერპრეტაციების ვარიანტი. იმისათვის, რომ საზოგადოება მესამე ვარიანტზე არ წავიდეს, საჭიროა, პირველ-მეორე ერთ-ერთი გაირკვეს. ამინდის ცვლილებასაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ, მაგრამ ცხადია, არავის ექნება ილუზია, რომ ეს ამბავი პარტიის თავმჯდომარის გარეშე მოხდებოდა.

ჩემთვის ცნობილი იყო, რომ გარკვეული უთანხმოება არსებობდა, მაგრამ ეს საკითხი ასე მყისიერად თუ დადგებოდა, არ ვიცოდი. უფრო მაღალი ხარისხის კონსულტაციებიც შეიძლებოდა ეკონომიკის კომიტეტთან, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაყენებაზე იყო საუბარი და ვფიქრობ, ამას მომავალში გაითვალისწინებენ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა და ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.